‘ჟურნალისტი ელენე მარგალიტაშვილი სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“დღეს, პირადად მე, ლექსოსთან ერთად, ბევრი რამე დავმარხე და ბევრი გადაწყვეტილება მივიღე.
პირველ რიგში, აღარ ვაპირებ, გავჩუმდე. აქამდე ყველა მეგობარს, ყველა ნათესავს, ყველა ნაცნობსა და უცნობს, შეძლებისდაგვარად “ვუტარებდი” ხოლმე ჰომოფობიასაც, ჩემი საქმისადმი სიძულვილსაც, ირონიასაც, ცინიზმსაც, ქართველ ვაჟკაცობასაც, შეურაცხყოფასაც. ბევრ რამეს. გულწრფელად მეგონა, რომ რაღაცებს ვერ ხვდებოდნენ, გამოცდილება არ ჰქონდათ, კარგი ადამიანები აკლდათ, კარგი მაგალითები აკლდათ. მეგონა, რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ისევ მე რომ არ გამოვსულიყავი პროვოკატორი, ხშირად ვჩუმდებოდი. ახლა ამის ძალიან მრცხვენია. ახლა ამას ძალიან ვნანობ.
აღარასოდეს გავჩუმდები! აღარასოდეს “გავატარებ”. თვალსაც აღარასოდეს დავხუჭავ.
აღარასოდეს ჩავყლაპავ, როცა იტყვიან, რომ “ასეთნაირებს” სიამოვნებით გაჟლეტდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ. აღარასოდეს გავიღიმებ, როცა მაგრძნობინებენ, რომ ჩემი საქმე არასერიოზულად მიაჩნიათ და აღარასოდეს გავატარებ, როცა “უწყინარად” გამეხუმრებიან. ჩემთან ურთიერთობა ძალიან რთული გახდება და ვინც ამით შეწუხდება, სიამოვნებით დავკარგავ, განურჩევლად სქესისა, ნათესაური კავშირისა თუ სტატუსისა.
აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ასე მძაფრად ეს შეგრძნება არასოდეს მქონია.
აღარ მინდა, ვიყო ქვეყანაში, სადაც ჩემხელა ადამიანებს, რომლებიც აქ აპირებენ ცხოვრებას, ლექსოს ამბავი არ აწუხებთ და რომელიმე სერიალი, ჭორაობა, კარგი ცოლობა, ქმრობა, ან ნებისმიერი სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანი ჰგონიათ.
აღარ მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ჩემი საუკეთესო მეგობრები შვილებს ზრდიან და ჰგონიათ, რომ ეს ამბავი მათ მომავალზე არ იმოქმედებს.
აღარ მინდა, ვიცხოვრო იქ, სადაც საკუთარი საქმის გარდა, ყველა საქმე უმნიშვნელო და არასერიოზული ჰგონიათ. სადაც დარწმუნებულები არიან, რომ მათი ცხოვრება და უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “ვიღაცა” ლექსოსი, რომელიც “თურმე, იჩხერდა”.
ვეღარ ვიტან, გულს მირევს, მეზიზღება ის ქვეყანა, სადაც ჩემხელა გოგოებს და ბიჭებს, ჩემს მეგობრებს, ერთი სული აქვთ, როდის გაჟღერდება ისეთი ვერსიები, რომლებიც მათ სახლში დარჩენას “გააპრავებს”. სადაც ელოდებიან, რომელ დაღეჭილ ტყუილს მოუგონებენ მკვდარს ან ცოცხალს, რომ მაშინვე დაიჯერონ და ტრაკი არასოდეს ასწიონ.
გულს მირევს ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მათი ბრძოლა სხვებმა უნდა იბრძოლონ. ვისაც ჰგონია, რომ ყოველდღე, ყოველ თვე, ყოველ წელს აქციებზე დგომა გვეხალისება და სერიალების ყურებას ან სხვა გართობას გვირჩევნია. ვისაც ჰგონია, რომ მეტი საქმე არ გვაქვს.
ვეღარ ვიტან იმას, რომ აქციაზე გამოსულ ადამიანებს უკვე სახეზე ვცნობ იმიტომ, რომ ყოველდღე, ყოველ თვე და ყოველ წელს, მხოლოდ ისინი არიან. მხოლოდ ისინი იბრძვიან. დანარჩენები ხან ლგბტ-ს გამო არ გამოდიან, ხან – ნარკომანების, ხან – ნაცების, ხან – ქოცების, ხან – რელიგიის, ხან – ჟურნალისტების, ხან ისე, ხან ასე. ხან, უბრალოდ, ეზარებათ.
გული მტკივა, როცა ვფიქრობ და უკვე ასე აშკარად ვხედავ, რომ ჩემი კარგი მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები და უცნობები ზუსტად ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ იმიტომ, რომ აშკარად მოსწონთ. მე არ მომწონს. მე აქ შვილის გაზრდა კი არა, გაჩენაც არ მინდა. მე აქ ცხოვრებაც აღარ მინდა.
გული მისკდება, როცა ვფიქრობ, რომ გეგა რამდენიმე წელში დიდი ბიჭი იქნება და მე არ ვიცი, ქართველი ვაჟკაცები რას დამართებენ. გული მისკდება, როცა ჩემი და მეუბნება, რომ ამაზე გული არ უნდა მისკდებოდეს.
სული მეხუთება, როცა წარმოვიდგენ, რომ ნატალისაც ამ სიბინძურეში ბრძოლა მოუწევს იმიტომ, რომ ჩემი თაობა არ იბრძვის. არაფერს აკეთებს. ყველა ჩუმად არის.
მეცოდებიან, როცა საკუთარი თავის იმედი იმდენად არ აქვთ, რომ ჰგონიათ, ვინმეს ორიენტაცია რამეს დაუშავებთ და ვინმეს აღლუმი რამეს წაართმევთ. ამიტომ ჰქვია “ადამიანების შიში”. ამიტომ ჰქვია ჰომოფობია. მშიშრები არიან. და მეცოდებიან. სიამოვნებით შევიცვლიდი ორიენტაციას, რომ შემეძლოს. უბრალოდ, არ შემიძლია. ორიენტაცია ესე ვერ იცვლება.
მეცოდებიან, როცა ჰგონიათ, რომ ეს ტრაგედია მათ არ ეხებათ. როცა დარწმუნებულები არიან, რომ მათ მეგობარს, შვილს, ახლობელს არ მოკლავენ. როცა სჯერათ, რომ ეს მარტო ოპერატორების, ჟურნალისტების, ან რომელიმე ერთი მხარის ტრაგედიაა. იმიტომ, რომ აუცილებლად მიადგებიან მათ ოჯახებს, ბიზნესებს, მეგობრებს, შვილებს, დებს, ძმებს. აუცილებლად გაახსენდებათ, რომ ყველაფერი ამ სიჩუმით დაიწყო.
მე ჩემი თაობის იმედი აღარ მაქვს. საბედნიეროდ, სოციალურ ქსელში და სამსახურში ბევრი ადამიანი მყავს, ვინც იმედს მინარჩუნებს, მაგრამ, ზოგადად, იმედი აღარ მაქვს.
აღარც ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ვის გამოც აქ დარჩენა მინდოდა, მიხაროდა, ყველა ჩუმად არის. ასე მგონია, მე რომ მომკლან, მაშინაც გაჩუმდებიან. იტყვიან, ზედმეტებში გადაუვიდა ეს თავისი პროტესტები და აბა, რას ელოდებოდაო. ნარკომანობა რომ მომიგონონ, მაგაზეც კი არ იბრძოლებენ დიდად. გაჩუმდებიან. იტირებენ, ეტკინებათ, მოვენატრები, დავაკლდები, მაგრამ გაჩუმდებიან. ამიტომ, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. ვიხრჩობი.
საერთოდ არ ვიცნობდი ლექსოს, მაგრამ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ოპერატორი მოგვიკლეს. ვისაც გგონიათ, რომ რომელიმე ჟურნალისტის ან რომელიმე ოპერატორის ტკივილი ამ დღეებში ყალბია, არცერთს არ გისურვებთ, საუკეთესო მეგობრის, მთავარი საყრდენის და ყველაზე დიდი იმედის დაკარგვას. იქნებ, დაკარგვის გარეშეც მიხვდეთ. როგორმე.
ყველაზე მწარე, მტკივნეული და მოუნელებელი, რაც ცხოვრებაში გამომიცდია, არის იმ ადამიანების სიჩუმე, ვისი იმედიც მქონდა. ყველაფრის დავიწყება შემიძლია, გარდა სიჩუმისა. ყველაფრის პატიება შემიძლია, გარდა სიჩუმისა.
ხოდა, აღარ გავჩუმდები”, – წერს ელენე მარგალიტაშვილი სოციალურ ქსელში.