„დღეს მომუშავე 18 ათასი ექიმიდან, აცრილია 7 ათასი ექიმი, ანუ 30%“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე ძალიან დაზარალდა.
„სამედიცინო პერსონალის 33% (ქვეყანაში 65 ათასამდე სამედიცინო პერსონალია) იყო ინფიცირებული და მოგეხსენებათ, რომ აცრა დაშვებული ინფიცირებიდან 120 დღეა. ახლა, ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ, ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დასმულ კითხვაზე – როდიდან ამოქმედდება ნორმა, რომ ინფიცირებიდან ვაქცინამდე პერიოდი 30 დღემდე შემცირდეს, გამყრელიძე უპასუხა:
„მალე, ალბათ მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.