„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა ფსიქოლოგიური ნიშნული და ერთი ლიტრი საწვავის ფასი გასცდა 3 ლარს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ზღვრის გადალახვამ გამოიწვია სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუარესება იმდენად, რამდენადაც საწვავი არის სოციალური, არაელასტიური პროდუქტი, რომლის კომპონენტიც თითქმის ყველა პროდუქტში გხვდება და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია. ამას ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიც, სადაც ბოლო წლების ყველაზე მაღალ ინფლაციაში (9.9%) მნიშვნელოვანი წილი, სწორედ საწვავის ფაქტორს უჭირავს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში არ არსებობდა საწვავის ფასის ასე მასშტაბურად გაძვირების რეალური მიზეზი. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე, ბოლო 3 თვეში, ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა საშუალოდ 7.6%-ით. ყველაზე ოპტიმალური და მოკრძალებული გათვლით, ერთი ლიტრი საწვავის ფასიც, ამავე პერიოდში საქართველოში გაძვირდა 7.5%-ით. ამავე პერიოდში, თითქმის 11%-ით გამყარდა ეროვნული ვალუტა (ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი), რასაც უნდა გაებათილებინა ნავთობის გაძვირება და შეეძლო საწვავის ფასის ზრდის შეჩერება, მეტიც გაიაფებაც კი.
რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, აფბა მუდმივად აკვირდება როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ზემოქმედებენ საწვავის ფასზე, ისე საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ცვალებადობას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიგვაჩნია, რომ დღეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყნის შიგნით დაიწყოს საწვავის ფასების შემცირება.
ბოლო ერთ თვეში, ნავთობის ფასმაც დაიწყო შემცირება და ერთ თვეში WTI-ის ნავთობის ფასი, ბარელზე საშუალოდ 6%-ით შემცირდა. ამავდროულად, ლარის კურსი კვლავ აგრძელებს გამყარების ტენდენციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „აფბა“-ში მიგვაჩნია, რომ დღეს საწვავის გაიაფების ყველა რესურსი არსებობს, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა მოხდინონ რეაგირება იმპორტიორმა კომპანიებმა, რაც მნიშვნელოვანი შვება იქნება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესსუბიექტებისა და საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია აფბას განცხადებაში.