დღეს, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.
1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო პირველად ეთერში გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნაც.
იუნესკოში, რომლის იდეაც იყო რადიოს დღის დაფუძნება აღნიშნავენ, რომ ციფრულ ერაში რადიოს მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ისევ აგრძელებს თავის გავლენას მედიაზე. რადიო ისევ არის მსოფლიოს ყველაზე ფართო აუდიტორიის მომცველი მედია-საშუალება,რომელსაც შეუძლია კატასტროფების დროს გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე, ხოლო ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, რომ მსმენელს ფაქტები მიაწოდონ.
იუნესკოს განმარტებითვე, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.