LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სანდო მედია 97 წლიანი ისტორიით – 23 მაისი ქართული რადიოს დღეა

175
Untitled design

23 მაისი ქართული რადიოსივრცისთვის განსაკუთრებული თარიღია – 1925 წელს, ეთერში პირველი საცდელი რადიოგადაცემა გავიდა.

მას შემდეგ 97 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი რადიო, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება.

ქართული რადიოს დღე რადიო ასოციაციამ დააწესა.

თარიღის დაწესებამდე რადიომ მრავალ გამოწვევას გაუძლო – საცდელიდან რეგულარულ მაუწყებლობაზე გადავიდა, გაუძლო ტელევიზიის კონკურენციას და აუდიტორიისთვის გამორჩეულ მედიასაშუალებად იქცა.

 

 

ქართული რადიოს დღე – ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომი მედია 97 წლისაა

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო… მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 1925 წელს ნავთლუღში 120 მეტრის სიმაღლის სამხედრო რადიოანძა აღმართეს. მას მოქმედება 300 კილომეტრის რადიუსით შეეძლო.

აქვე განთავსდა სამაუწყებლო რადიოსადგურიც, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა.

შემსრულებლის როლს სადგურის ტექნიკური პერსონალი ასრულებდა – მათ მუსიკა, სიმღერა და საუბარი რადიოტელეფონით გადასცეს.

ფართო აუდიტორიისთვის კი საცდელი მაუწყებლობა 23 მაისს დაიწყო – სწორედ ამიტომ მიჩნევა ეს თარიღი ქართული რადიოს დაბადების დღედ.

ქართული რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. ეთერში საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა, რადიოგადაცემებში მონაწილეები ახალ ამბებს და სტატიებს გაზეთებიდან კითხულობდნენ.

ამავე წლიდან გადაცემების პროგრამა გაზეთებში იბეჭდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებში მაუწყებლობა პირველმა სწორედ საქართველოს რადიომ დაიწყო. პირველი გადაცემა რადიოს ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა. 

ქართული რადიოს დაბადებიდან 97 წლის შემდეგ, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე 50-მდე რადიოკომპანია მაუწყებლობს.

 

 

 

 

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” – უკვე 24 წელია არის ყველგან, სადაც საქართველოა

 

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია 24 წელს ითვლის.

რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.

დღეისათვის რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

 

 

რა როლს ასრულებს რადიო საზოგადოების ცხოვრებაში – რატომ რჩება დღემდე გამორჩეულ და სანდო მედიად?

 

რა როლს ასრულებს რადიო საზოგადოების ცხოვრებაში და რატომ რჩება დღემდე გამორჩეულ და სანდო მედიად აუდიტორიისთვის, ამის შესახებ საუბარია “აი ფი ემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის” მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომზადებულ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, რადიო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მობილური და ლაკონური საშუალებაა.

რესპონდენტები ამბობენ, რომ რადიო არის ერთგვარი ანონსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს მოკლე დროში მიიღოს აქტუალური ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, სხვა
წყაროების საშუალებით განავრცოს ის.

მსმენელები რადიოს შეფასების დროს შემდეგ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • შესაძლებელია გადაცემებისა და სტუმრების ვრცლად, აუჩქარებლად მოსმენა;
  • რადიო პოზიტიური, არადამღლელი წყაროა, რომელიც სიმშვიდესა და ჰარმონიულობასთან
    ასოცირდება;
  • მსმენელს საშუალებას აძლევს, ინფორმაციას მოუსმინოს თვალის გადაღლის გარეშე;
  • არის ოპერატიული წყარო;
  • რადიო კომფორტული საშუალებაა ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან მექანიკური, რუტინული საქმიანობით და ამავდროულად, არ აქვთ შესაძლებლობა უყურონ ტელევიზორს ან ინტერნეტზე ჰქონდეთ წვდომა.

ანგარიშში საუბარია იმ მიგნებებზე, რომლებიც ამ მედიას უპირატესობას ანიჭებს:

  • სხვა ინტერნეტ საშუალებებთან შედარებით (მაგალითად, YouTube) ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და ნაკლებად სვამს ელემენტს;
  •  აძლევს წამყვანთან პირისპირ ინტერაქციის შესაძლებლობას;
  •  არის ინფორმაციის მიღების “ინსტრუმენტი”;
  •  მეორეხარისხოვანი, დროის გასაყვანი საშუალებაა, რომელსაც მონაცვლეობით იყენებენ პირად მუსიკალურ “ფლეილისტთან” ერთად;
  • არის თანამოაზრე, რომელიც იზიარებს მათ შეხედულებებსა და გემოვნებას;
  •  აჩენს ერთობის განცდას და ამცირებს მარტოობის, მარტოსულობის შეგრძნებას;
  •  მიმდინარე მოვლენებისგან განრიდებისა და ნეგატიური განწყობის თავიდან არიდების საშუალებაა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები