„მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა პირდაპირი, თუ ირიბი გზით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“ – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოს ბიზნესასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესსექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.
„ვაქცინაციის ტემპის ვარდნას თან დაერთო ახალი ტალღის დაწყება, რომელმაც საკმაოდ მაღალი ნიშნულებიდან აიღო სტარტი, რაც მეტად საგანგაშოა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნების მხრივ, ასევე ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მთელი ქვეყნის მობილიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგები, რომლის წინაშეც შესაძლოა დავდგეთ უმოკლეს დროში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.