დღეს, 17:38 საათზე თბილისი საახალწლოდ განათდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა.
ამასთან, 2016 წელს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.ნაძვის ხე ტრადიციისამებრ 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების, ახალი ნაძვის ხისა და მისი მორთულობის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია – შპს “ნუკო+“-მა გაიმარჯვა. შესყიდვის ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვის ხის ტენდერში გამარჯვებული კი შპს „ჯეო სტრიმი“ გახდა. მასთან მერიამ 175 573 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გმმ ჯგუფმა“ კი მომსახურებისათის 33 990 ლარი მიიღო.