„უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა“ – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
ვილი სანიოლი: ფეხბურთელები მზად არიან – უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას
კალაძემ წარმატება უსურვა ეროვნულ ნაკრებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დღეს ყველა ბედნიერი და გახარებულია იმით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.
კალაძემ გუნდის შანსებთან დაკავშირებით თავის მოლოდინებზეც ისაუბრა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა საბერძნეთთან მატჩის წინ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. დღეს ყველაფერი მოსალოდნელია ფეხბურთში, ყველაფერი ხდება, ყველასთან თამაში შეიძლება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომ გავიდეს ჯგუფიდან“ – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.