საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1 214 600 ადამიანია დასაქმებული, 344 600 ადამიანი უმუშევარი, 381 800 პირი კი თვითდასაქმებულია. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 22.1%-ია. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამაზე ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, პანდემიამ იმოქმედა, თუმცა უმუშევრობა ყველა გამოკითხვით წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
როგორ შეიძლება, გადაიჭრას უმუშევრობის პრობლემა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ ამ მიმართულებით. ამ თემაზე დღეს „ბიზნესკურიერის“ სტუმარია „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა.
მხოლოდ პანდემიის ბრალია უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი?
საქართველოში უმუშევრობის მიზეზები პანდემიის წინსწრებადაც არსებობდა, განსაკუთრებით დაქირავებით დასაქმების ნაწილში დიდი ხანია, არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია და წლებია, მნიშვნელოვანი რაოდენობით ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ 2018-19 წლებში, რაც გვყავდა დაქირავებული ადამიანები, ახლა იმაზე ქვევით ვართ, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
თუ ამ მიმართულებით წინსვლა გვქონდა, პანდემიამ შემოატრიალა. 2021 წლის მეორე კვარტალში რაც გვაქვს უმუშევრობის დონე, დიდი ხანია არ გვქონია, მინიმუმ 2018 წლის დასაწყისიდან.
არის თუ არა გარკვეული სტრუქტურული პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ ვერ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები?
ხშირად მესმის, რომ ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალი უმუშევრობა გვაქვს, სამასპინძლო ბიზნესი, საშუალო და დაბალანაზღაურებადი სამსახურები ეძებენ ადამიანებს და ვერ პოულობენ.
ანუ ორმაგი პრობლემაა. უმუშევრობა – ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კომპანიები ვერ პოულობენ დასასაქმებელ ადამიანებს.
კერძო სექტორი ხშირად აჟღერებს თემას, – ვერ ვპოულობ კვალიფიციურ ადამიანებს. ეს ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ანაზღაურება დაბალია ამ სექტორებში.
დიდი გამოწვევაა, გარკვეული აცდენაა საგანმანათლებლო სისტემასა და კერძო სექტორს შორის. ის უნარები, რასაც კერძო სექტორი ითხოვს, ხშირად კერძო ტრენინგები სჭირდება და არა პირობითად მაგისტრატურის, ან ბაკალავრიატის დამთავრება.
საკმაოდ ბიუროკრატიული განათლების სისტემა გვაქვს, რომელსაც ძალიან ბევრი წინაპირობის დაკმაყოფილება უწევს, ეს ხშირად მას არ აძლევს შესაძლებლობას, იყოს ბაზარზე ორიენტირებული.
და აქ უფრო მეტი თავისუფლება რომ იყოს, ერთი კარგ გამოსავალზე შეიძლება, ვიფიქროთ.
გრძელვანდიან პერიოდში, ან თავიანთი სამუშაო ადგილიდან მიღებულ ცოდნაში, დააგროვონ უნარები ადამიანებმა, რომლებსაც შემდეგ თავიანთ კარიერაში გამოიყენებენ.
ამისთვის საჭიროა, რომ პირველ რიგში დაინტერესება გაიზარდოს და ადამიანი დასაქმდეს.
ამაში ძალიან მოვიკოჭლებთ.
პანდემიის დროს ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა და მიმართულება, როდესაც თვითონ იგროვებ გარკვეულ ცოდნას და უნარებს, რომელიც შესაძლოა, საგანმანათლებლო სისტემამ ვერ მოგცა, ეს ეფექტიც მნიშვნელოვნად გაუარესებული გვაქვს.
იმაზე საუბარიც აღარაა, რომ განათლების სისტემის დიდი ნაწილი ონლაინაა და ისედაც პრობლემების წინაშე მყოფი განათლების სისტემა, დამატებით უარყოფით პრობლემას ქმნის.
რაც დღეს და ხვალ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში წლების განმავლობაში აისახება იმ უნარებზე, რაც ახალ კურსდამთავრებულებს ექნებათ.
დაუსაქმებელი ადამიანები ხშირ შემთხვევაში გამოსავალს პოულობენ უცხოეთში წასვლით. ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ „წლები ჩვენ ვერავის დავასაქმებთ და წადით საზღვარგარეთ, მიუნხენში ან სადმე სხვაგან“. მსგავსი გზავნილები არ ახდენს დადებით გავლენას სამუშაო ადგილების შექმნაზე?
ამ ნაწილში კომენტარი ორად შემიძლია გავყო.
დღევანდელ ხელისუფლებას ხშირად აკლია ამბიცია მასშტაბული პროექტების განხორციელების. ვკმაყოფილდებით შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდით.
მეორეს მხრივ მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის გადინება პრობლემატურია, მაინც ვფიქრობ, რომ ამას რიგ შემთხვევაში დაადებითი მომენტიც აქვს.
დღეს ჩვენს გარშემო არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც განათლება თუ სამუშაო გამოცდილება საქართველოს ფარგლებს მიღმა მიიღო. დაბრუნებულები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პროდუქტიულები არიან.
არ ვარ ნეგატიურად განწყობილი იმის მიმართ, რომ ადამიანი გადიოდეს სხვა ქვეყანაში, იქ იღებდეს სამუშაო გამოცდილებას, თუ განათლებას.
შემდეგ უკვე ქვეყნის შიგნით უნდა იქმნებოდეს შესაძლებლობები და ისეთი ეკონომიკური მიღწევები, რომ მოტივაცია ჰქონდეს უკან დაბრუნების. ამ შემთხვევაში, მობილობა რაც უფრო მეტი იქნება, შეიძლება, დიდწილად კარგიც იყოს.
ჩვენ შემთხვევაში საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ადამიანებს არ უნდა მოვუკლათ შესაძლებლობები და მოტივაცია აქ დასაქმების.
ქვეყნიდან გაქცევაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, უნდა ვამბობდეთ, მივდივარ, ვაგროვებ შესაძლებლობებს, მერე ვბრუნდები და აქ უფრო მაღალი ხელფასით და უფრო მეტი უნარფებით შემიძლია, გამოვადგე ჩემს ქვეყანას.
რიგ შემთხვევებში ასეც ხდება და მგონია, რომ სამომავლოდ ასეთი შემთხვევები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ძალიან გაიზარდა ქართველი სტუნდენტების წარმომადგენლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მსხვილ კომპანიებში, რაც იმის შესაძლებლობაა, რომ ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვონ, რომელიც საბოლოო ჯამში გამოადგებათ და ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
უბრალოდ ამისთვის აქაც უნდა ავყვეთ ტემპს, რომ ეს შესაძლებლობები აქაც გაჩნდეს.
სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, რა დრო დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას? გასაგებია, რომ სამუშაო ადგილებს მთავრობა არ ქმნის, სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა, მთავრობამ კი თამაშის წესები, რომელიც იქნება სამართლიანი და მიმართული იქითკენ, რომ ბიზნესს გაუადვილოს სამუშაო ადგილების შექმნა. ( არ გაურთულოს მაინც).
პირველი – უნდა შევამციროთ ის მხარდაჭერა, რასაც არსებული სოფლის მეურნების სისტემის შენარჩუნებაზე ვაკეთებთ.
დაქირავებული ადამიანები, ვინც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, ძალიან ბევრია და ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევთ სტიმულს, რომ გააგრძელონ ეს საqმიანობა სხვადასხვა არსებული ბიზნესპრაქტიკების სუბსიდირებით და საბოლოო ჯამში არ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ახალი უნარები შეიძინონ.
მეორე – მნიშვნელოვანია, რა ტემპით და როგორ შემოვიღებთ ახალ რეგულაციებს და რამდენად შესაძლებელი იქნება შრომის ბაზარზე გასვლა.
რაც უფრო გავამკაცრებთ რეგულაციებს, მით უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება მოტივაცია, რომ ეძებოს ახალი სამსახური, დააგროვოს უნარები, თუნდაც სტაჟირებით ახალი ცოდნა მიიღოს და მერე გამოიყენოს.
ის თავისუფლება, რაც შრომით ბაზარზე ასე თუ ისე გვქონდა და ნაწილობრივ დღესაც გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გავურთულოთ ბიზნესებს ადამიანების დასაქმება.
