LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია – ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე.. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას“ – ირაკლი კობახიძე

156
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოჯახის სიწმინდის დღე არის ჩვენი ფასეულობების, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე“.

მისივე თქმით, „ქრისტიანობის მთავარი ფასეულობაა სიყვარული და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას“.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ „ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ფასეულობების, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ქაშვეთის ტაძარში დავესწარი პარაკლისს, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აღავლინა. ასევე შევუერთდი მსვლელობას, რომელიც სამების ტაძარში დასრულდა.

დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელია და რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – წერს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები