LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არქივი სამშობლოში დაბრუნდა – „განსაკუთრებული სევდა და ამაოების განცდა მომყვება, დიდი ტკივილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში კაცს ყველაფერი დაენგრეს და დაექცეს… რამდენი უღვაწია ამ ახალგაზრდა კაცს!“

2969
ზაზა მესხი

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი, ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის პირადი არქივი სამშობლოში დაბრუნდა.

„ზაზა მესხი იყო ბედნიერი…მას სიგიჟემდე უყვარდა საქართველო და თავისი ოჯახი, ნათელში იყავი” – მეგობრის ემოციური პოსტი

ამის შესახებ ინფორმაციას საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს და წერს, რომ ზაზა მესხის საარქივო ფონდი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება:

„ეჰ, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არქივი ჩამომაქვს და განსაკუთრებული უხერხულობა, სევდა, ამაოების განცდა მომყვება, რადგან ამ კაცის არქივი მე არ უნდა ჩამომეტანა, ჩემი შვილიშვილების გასაკეთებელი იყო, თუ თვითონ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპენსიო ასაკში გადასული. მაგრამ… ცხოვრებამ მე დამაყენა ამ საქმის განმახორციელებლად.

ზაზა მესხი – ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი – შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან [Cinta Depondt] მივიღე და ხვალ დილას ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება.

ამ ახალგაზრდა კაცს, უკაცრავად, ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწეს, რამდენი უღვაწია, ემიგრაციაში პერიოდული გამოცემაც დაუარსებია, მის გარშემო გაუერთიანებია ახალი ემიგრაციის რჩეული პირნი, ძველნიც არ დავიწყებია. მისმა ყოფილმა მეუღლემ – ქალბატონმა ცინტამ, ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკემ, სევდიანი თვალებით გამოგვაცილა ზაზა მესხის არქივის წამოსაღებად უტრეხტში რომ ვეწვიეთ.

ჟურნალ „თანამემამულეს“ ყველა ნომერი – ჩაწიკწიკებული კოლექცია, მიუნხენის, თესალონიკის, პარიზის, სტამბულის ქართული გამოცემები, მიმოწერა, ფოტოარქივი… და დიდი ტკივილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში კაცს ყველაფერი დაენგრეს და დაექცეს, თუმცა ბატონ ზაზას თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში დარგული სიკეთეები, კეთილშობილური საქმეები, შეიძლება, უფრო მოსავლიანი იყოს არა ერთის მოხუცებულობამდე მიტანილ ცხოვრებაზე.

დრო ხომ პირობითია, ხოდა ისიც, რომ ჩვენ ვინახავთ მის არქივს, მისი არქივის მიღებით რომ გაიზარდა ქართული ემიგრაციის ფონდის ქრონოლოგიური საზღვარი და უკვე ოცდამეერთე საუკუნეს გადმოაბიჯა, იმის მაჩვენებელია, რომ მას შეუძლია თქვას: ცუდად ხომ მაინც არ ჩაიარა ამ განწირულმა სულისკვეთებამ და გზა უვალი ჩემგან თელილი სამშობლო, ჩემო მაინც დარჩება…“

ხვალიდან ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში იხილავთ: ზაზა მესხის საარქივო ფონდი!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

ზაზა მესხის უცნაური წინათგრძნობა და ბედისწერა – რას ჰყვება მისი და: „საქართველოში წამოსვლამდე შეძრული იყო…“

შეგახსენებთ, მეწყერის ჩამოწოლას შოვში 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

ეჰ, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არქივი ჩამომაქვს და განსაკუთრებული უხერხულობა, სევდა, ამაოების განცდა…

Posted by Levan Taktakishvili on ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2024

„გაუხარდა, ქართველი სტუდენტი რომ გამიცნო.. წლებია შორს ვარ, მაგრამ სულ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარო, ორი დროშით იყო მოსული, თავისი მათხოვა და ზემოთ აღვმართეთ ორმა ქართველმა ამაყად“ – ქართველი სტუდენტი ზაზა მესხთან შეხვედრას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები