LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი პოპულისტური გადაწყვეტილების გამო ანტივაქსერებს შაბაშის ღამე აქვთ გაჩაღებული, ვირტუალური კოცონის ირგვლივ როკავენ და ბედნიერებისგან კაცმა არ იცის, რას ჩაიდენენ: ქეთი თუთბერიძე

1426
271796543-1161533944389921-1730366146516956309-n (2)

ჟურნალისტი, ქეთი თუთბერიძე ე.წ მწვანე პასპორტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამ გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებს.

გარდა ამისა, ჟურნალისტი პანდემიის რთულ პერდიოდს და რეანიმაციაში ყოფნის დროს იხსენებს.

“ბაბუ, ისუნთქე!” – ეს ფრაზა პანდემიას ჩემთვის რეფრენად გასდევს. სურათი ასეთია: რეანიმაციაში ახალგაზრდა ექიმი თავზე ადგას კოვიდით ინფიცირებულ ასაკოვან კაცს და სთხოვს, სიცოცხლისთვის იბრძოლოს.

რამდენი თქვენგანია რეანიმაციაში ნამყოფი პანდემიის პერიოდში?! ალბათ ძალიან ცოტა და გულწრფელად გისურვებთ, იქაურობა თქვენს თვალსაწიერში არასდროს მოქცეულიყოს. დარწმუნებული ვარ, აცრილების 98% კორონავირუსის გამო საავადმყოფოში არც მოხვდებით, აუცრელების შემთხვევაში რისკი არსებობს, მაგრამ არავინ, ყველაზე აგრესიული ანტივაქსერიც კი არ მემეტება უჟანგბადობით წამებისთვის.

მე ნამყოფი ვარ რეანიმაციაში როგორც ჟურნალისტი და უმძიმესი სანახაობაა, რადგან სიცოცხლისთვის უმთავრესი რამ არ ჰყოფნით, – ჟანგბადი. საზარელი მოსასმენია ერთდროულად ჩართული აპარატების მონოტონური ხმაც. უმძიმესია იმის გაცნობიერებაც, რომ ამ პანდემიამ და ვირუსმა, რომლის მართვის შესახებაც დასაწყისში არავინ არაფერი იცოდა, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით გადატვირთულმა ჯანდაცვის სისტემამ ყველაზე მძიმედ სწორედ ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ექიმები და ექთნები დააზარალა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ვინმეს გახსენებია მათი შრომა?! ძირითადად ცილისწამება გვესმის, თითქოს ექიმები კლავენ პაციენტებს, არადა ძალიან ცოტა აღნიშნავს, რომ რეალურად საქართველოში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზია, რომ აღარაფერი ვთქვათ უმთავრეს მიზეზზე, – ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე. საერთოდ ვინმე ფიქრობს უძილობაში გათანგულ მედპერსონალზე?! ვინმემ იბრძოლა ექთნების სასაცილოდ დაბალი ხელფასების გამოსასწორებლად და შრომითი უფლებებისთვის?! დაზეპირებული ფრაზები დისკრიმინაციაზე მხოლოდ აუცრელებს ეხება და არა მედპერსონალს ხომ?! ვინმეს გიფიქრიათ რა პირობებში მუშაობს ეს ხალხი?! ანტივაქსერებს და მათ გამო შეშფოთებულებს ადარდებდათ გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა? ადარდებდათ გადადებული გეგმიური ოპერაციები?! ადარდებდათ დაგვიანებული სასწრაფოს გამო გულის შეტევით გარდაცვლილი პაციენტები?! მათთვის მხოლოდ არავაქცინირებულების უფლებებია უფლებები, მედპერსონალის ან სხვა დაავადებების მქონე ადამიანების უფლებები რა მოსატანია?!

ახლა მთავარზე ვილაპარაკოთ. ბავშვები რომ გამოვკეტეთ სახლებში და მათ მენტალურ ჯანმრთელობას წარუშლელი დაღი დაასვა ამ ჩაკეტილობამ, ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ ეს წლები უკვალოდ ჩაივლის?! უმოძრაობის გამო შენელებული მეტაბოლიზმი, მენტალური ჯანმრთელობა, – ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა პანდემიურმა ორმა წელმა. სკოლების გახსნა და გამართულად მუშაობა მაინც მოახერხეს იმ სახელმწიფოებმა, სადაც ვაქცინაციის ტემპი სწრაფად და წარმატებულად წარიმართა, ჩვენ აქაც ჩამოვრჩით, აქაც ბავშვის უფლებებზე წინ ეგოიზმი დავაყენეთ. ზოგადად, ეგოიზმი ყველა ადამიანშია ფესვგადგმული. საკითხავია, ვინ როდის და რის ფასად დაძლევს. როგორ ინფანტილურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სიყვარული სწორედ ეგოიზმზე გამარჯვებაა, არავითარი ფილოსოფია არ სჭირდება ამ ცნებას. სიყვარული არც სიკვდილზე იმარჯვებს და არც კლდეების დაძვრა შეუძლია, მაგრამ აღმატებულ ეგოზე მაინც იმარჯვებს, ეგოიზმს თრგუნავს. ანტივაქსერებმა საკუთარი შვილების უსაფრთხოების ხათრითაც ვერ დაძლიეს ეგოიზმი, ამიტომაც მათი ე.წ. “დისკრიმინაციის” საკითხი აცრილებისთვის ე.წ. პრივილეგიების მინიჭების შედეგად, სრული აბსურდია.

თუ აუცრელების მკურნალობაზე სახელმწიფო უარს იტყოდა, მაშინ პირველი მე გავიდოდი ქუჩაში მათ დასაცავად, რადგან ჯანდაცვის სერვისებზე ხელი ყველას თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს. მათთვის ეს უფლება არავის შეუზღუდავს, მათ მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლის უფლება წაერთვათ, ისიც ძალიან რბილი რეგულაციების შედეგად.

დღევანდელი პოპულისტური გადაწყვეტილების გამო ანტივაქსერებს შაბაშის ღამე აქვთ გაჩაღებული, ვირტუალური კოცონის ირგვლივ როკავენ და ბედნიერებისგან კაცმა არ იცის, რას ჩაიდენენ. ჩემი ფანტაზია მათ ფანტაზიას ვერ ეწევა”,-წერს ქეთი თუთბერიძე.

mazda magti 5g