LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება“ – ლაშა ხუციშვილი

166
ხუციშვილი (1)

დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება – დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორეაში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას, პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ აეროპორტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ პროექტში ADB არაა ჩართული. მოქმედ აეროპორტს აქვს ხელშეკრულების ვადა, ბუნებრივია, ეს ხელშეკრულების ვადა სრულად ამოწურული იქნება. წინასწარი შესწავლით, დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრთა ნაკადები და ფრენები სწრაფად იზრდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება. ჯერჯერობით, ამ გადაწყვეტილებისთვის შესაბამისი ვადებია, თუ არ ვცდები 2027 წლამდე უნდა იყოს ხელშეკრულების ვადა, რომელიც ზღუდავს 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას. ეს პერიოდი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ იმ დროისთვის უკვე ახალი აეროპორტი იყოს მწყობრში. ამ მიმართულებით გარკვეული შესწავლაა ჩასატარებელი, თუმცა არსებული ტრაფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, არც იყოს საჭირო სუვერენული დაფინანსება, ან შეიძლება მხოლოდ ნაწილი იყოს სუვერენული, სადაც გარანტორად სახელმწიფო იდგება და სახელმწიფო ვალში აისახება. სწორედ ამ საკითხების შესწავლის ეტაპი მიმდინარეობს. ამას სჭირდება შესაბამისი პროექტი და კვლევებიც, თუმცა დრო არის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე შეფასებით, შეზღუდვა, რომელიც მოქმედ აეროპორტთან ხელშეკრულების პირობებშია და 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.

„ამ პირობებით ასეთი ტიპის შეზღუდვა, ვფიქრობთ, აღარ იქნება. ეს შეზღუდვა საკმაოდ მძიმეა როგორც აეროპორტების განვითარების, ისე ბევრი ფაქტორის გამო. კონკურენციის ნაწილია ისიც, რომ შედარებით იაფი ავიახაზები თბილისიდან ვერ დაფრინავს, იქიდან გამომდინარე, რომ ტრაფიკები მაღალია. ახალ აეროპორტს ექნება დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, მეტი მგზავრი მოიზიდოს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g