LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, ხალხი ემუქრება ივანიშვილს – დროულად გადადგეს და მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება: უდუმაშვილი

104
ზაალ უდუმაშვილი

“ეს პროტესტი არ გაჩერდება. ხომ ხედავთ, ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში, აღარავინ მოითმენს საქართველოს რუსიფიკაციას.” – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყოველ წუთს უნდა იგრძნოს, რომ საფრთხე ემუქრება, რომ ხალხი ემუქრება და დროულად უნდა გადადგეს და მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება:

“ჩვენი აქციები იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე. ხომ ხედავთ, ნერვები აღარ ყოფნით, გუშინწინ რა ხდებოდა, მშვიდობიან მომიტინგეებს რომ დაერივნენ და დაიწყეს მასობრივი დაპატიმრებები, 46 ადამიანი დააკავეს, ახლაც მიმდინარეობს ჩვენი თანამებრძოლების სასამართლოები და ყველას 2 000-ლარიან ჯარიმას უწერენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევის ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ეს არის რეპრესიული მანქანა, ოღონდ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ჰგონიათ – ამით უკან დავიხევთ.

მინდა, მივმართო ამ უწყების ხელმძღვანელს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის, იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ვინმეს ბოლოს გინახავთ სადმე ტიკარაძე? აბსოლუტურად დამალული არის, არსად ჩნდება, ერთი განმარტება არ გაუკეთებია. ახლა აქ ვართ მოსული დეპუტატები, რომლებსაც კანონიერი უფლება გვაქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შევიდეთ ნებისმიერ დაწესებულებაში და შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელს.

მინდა, მივმართო ტიკარაძეს: დეპუტატებს სურთ, თქვენგან მოისმინონ არგუმენტები, თუ რატომ არ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს იმის უფლება, რომ ისარგებლოს სამოქალაქო სამედიცინო სერვისებით. ჩვენ ველოდებით პასუხს, რომ უახლოეს წუთებში მიიღოს დეპუტატები. ასე დამალვა დიდხანს არ გაგრძელდება, როდემდე დაიმალებით, ან ვის დაემალებით. ყველას მოგეთხოვებათ საბოლოოდ პასუხი, იმ დანაშაულზე რომელსაც დღეს სჩადიხართ ქართული სახელმწიფოს წინაშე.

არავინ მოგცემთ უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოთ სახელმწიფოს და მის სიმბოლოს – პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ, რომელმაც პოლიციას დაუბრუნა ღირსება, მუნდირი და დღეს ეს პოლიცილები ასრულებენ იმ უკანონო ბრძანებებს, რომელსაც ზედმგომი ორგანოებიდან იღებენ.

არც ერთი ნაბიჯი უკან, ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს უნდა იგრძნოს ივანიშვილმა, რომ მას საფრთხე ემუქრება, დიახ, ხალხი ემუქრება ივანიშვილს, დროულად გადადგეს, დროულად მიიღოს რიგგარეშე არჩევნების გადაწყვეტილება; დროულად იმიტომ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ხომ ხედავთ, ხალხო, ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში, აღარავინ აღარ მოითმენს საქართველოს რუსიფიკაციას, ამას არავინ შეეგუება, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ჩვენი ვართ თავისუფლების მოყვარული ერი და ჩვენს თავისუფლებას ჩვენს ღირსებას ყოველთვის დავიცავთ.” – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, “დიდუბის” მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრებილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g