აშშ-ს საელჩო საქართველოში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე დაწყებული პოლიტიკური დიალოგი რისკის ქვეშ დადგა. საელჩოს თანახმად, დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა აუცილებელია.
“აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს.
აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.
დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან” – აღნიშნულია აშშ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მას, სხვა პირებთან ერთად, პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დასდო ბრალი.