„დიდებული კაცი დააკლდა მთას – შიო ოჩიაური გარდაიცვალა და ახიელა დაცარიელდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთის ამბები“ წერს.
შიო ოჩიაურს დღეს,18 აპრილს დუშეთში დაკრძალავენ:
„დიდებული კაცი დააკლდა მთას – შიო ოჩიაური გარდაიცვალა და ახიელა დაცარიელდა. იცით, სად არის ახიელა? იქ, სადაც საქართველო ინგუშეთს ებჯინება, ასას ხეობის მწვერვალებზე. ძია შიომ მთელი ცხოვრება არხოტიდან უერთგულა და უდარაჯა სამშობლოს!
ბოლო დღეებში არხოტი სამყაროს მოწყდა. დიდთოვლობამ უღელტეხილზე ანძა დააზიანა და მთის სათემო ქსელის ინტერნეტკავშირი გაწყდა. შიოს სიცხე ჰქონია, მაგრამ ვეღარც დარეკა და ვეღარც შველა ითხოვა – გაუკვალავ თოვლშიც ვეღარ გასულა. გარდაცვლილი იპოვეს. ჩანთა ჩაულაგებია, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს ელოდა, რომ დუშეთში გამოჰყოლოდა.
მისი ძმა, გიგლა, ბევრს ეხვეწებოდა, ზამთარი მარტოს არ გაეტარებინა მთაში, მაგრამ ძია შიო მტკიცე უარზე იყო: „გაზაფხულზე წამოვალო ექიმთან“. გიგლა ამბობს, სიკვდილიც იქ უნდოდაო…
ადგილობრივ ხელისუფლებას ის რაცია მაინც რომ შეენარჩუნებინა, რომელიც მარტოკაცებისთვის წლების წინ დუშეთის ფოსტასთან ერთადერთი დამაკავშირებელი იყო, იქნებ დღეს შიო ოჩიაური ცოცხალი ყოფილიყო. სულ რამდენიმე ასეული ლარი სჭირდებოდა სისტემას, რომელიც 8 თვის განმავლობაში ჩაკეტილი ხეობებისთვის ერთადერთი იმედი იყო. გააუქმეს იქ, სადაც არც გზაა, არც ექიმი და ახლა უკვე – აღარც ხალხი. საქართველოს კიდევ ერთი სოფელი მოკვდა!
„მთის ამბები“ სამძიმარს უცხადებს ძია შიოს ოჯახს, მის ძმას გიგლა ოჩიაურს და ყველას, ვისაც მთა და არხოტი უყვარს.
შიო ოჩიაურს 18 აპრილს დუშეთში დაკრძალავენ“- წერს „მთის ამბები“.
დიდებული კაცი დააკლდა მთას – შიო ოჩიაური გარდაიცვალა და ახიელა დაცარიელდა. იცით, სად არის ახიელა? იქ, სადაც საქართველო…
Posted by მთის ამბები / mtisambebi.ge on პარასკევი, 17 აპრილი, 2026
