ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“- ასე უპასუხა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტის კითხვას „საქართველოში თუ დაინერგება კოვიდპასპორტი, მოქალაქე, რომელიც „სინოფარმით“ იქნება აცრილი, შეძლებს თუ არა ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობას“.
„თავისთავად საქართველოში კოვიდპასპორტი მიეცემა ყველას, როცა დამტკიცდება ეს პასპორტი და დღეს პირველი განხილვა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში ამ კოვიდპასპორტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, იქ შევა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმიც“ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება ადმინისტრირებული ამ წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება.
შეგახსენებთ, „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.