დიდი ბრიტანეთი უკრაინას 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
დღეს ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. ბრიტანეთის ახალი 50 მილიონი ფუნტის ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტი შედგება 125 საზენიტო იარაღისგან და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკისგან, რაც სუნაკის თქმით, უკრაინელებს ირანული დრონებისგან დაიცავს.
ამ საკითხზე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა “ტელეგრამის” პირად არხზე გაავრცელა.
“რიში სუნაკმა უკრაინისთვის 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ გამოაცხადა. 125 საზენიტო ქვემეხისა და ირანული დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების გარდა დახმარების პაკეტში შევა ათობით რადარი და დრონების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები”, – წერს ერმაკი.
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 მილიონი ფუნტი გამოიყოფა მსოფლიო სასურსათო პროგრამის საპასუხოდ, ხოლო კიდევ 4 მილიონი ფუნტი გამოიყოფა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.
“თანხები ხელს შეუწყობს გენერატორების, თავშესაფრის, სანტექნიკის შეკეთებას და სამედიცინო კლინიკების უზრუნველყოფას”, – განაცხადა სუნაკმა.