მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე შეთანხმება მოხდა. ეს თანხა სესხად გაფორმდა, მაგრამ დაფარვა მოხდება რუსეთის გაყინული რეზერვებიდან. ჯერ კიდევ ბერლინის შეხვედრაზე გახმიანდა თუ რას გააკეთებენ კონკრეტული ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად.
ამასობაში უკრაინამ წარმატებით მოიგერია ხარკივის მიმართულებით რუსული იერიშები და ეს ვიდრე აშშ-ს დახმარება ჩავიდოდა და ამით საგრძნობლად გაიუმჯობესა ვითარება.
აღსანიშნავია, რომ ავიაციის მეშვეობით პირველად მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების დაბომბვა, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შესაძლოა ყველა წევრი ქვეყანა ვალდებული გახდეს შეიარაღება მიაწოდოს უკრაინას.
აშშ-მა და შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა სერიოზული დამატებითი სანქციები დააწესეს, რამაც მოსკოვის საფონდო ბირჟაზე უზარმაზარი რყევები გამოიწვია და წითელ წონაში აღმოჩნდა ყველა დიდი რუსული კომპანია.
თუმცა მთავარი ამბავი ევროპარლამენტის არჩევნები იყო და სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„ყურადღების ცენტრში იყო 6-9 ივნისის არჩევნები ევროპარლამენტში. საერთაშორისო ექსპერტები, დამკვირვებლები, პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დიდი ცვლილებები არ ყოფილა მოსალოდნელი და პრინციპში ასეც მოხდა: ძალთა ბალანსი გადანაწილდა ისე, როგორც წინა პარლამენტში იყო. „ევროპის სახალხო პარტიამ“ 13 მანდატით გაიუმჯობესა პოზიცია. მეორე ადგილზე არიან სოციალისტები, რომლებმაც 3 მანდატით გაიუმჯობესეს ვითარება.
უკეთესი შედეგი აჩვენეს ულტრამემარჯვენე ძალებმა და ულტრამემარცხენეებმაც გაიუმჯობესეს მაჩვენებლები.
მემარჯვენეებში გამოსაყოფია იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პოლიტიკური ძალა „იტალიის ძმები“. უკვე ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ მელონის პარტია დიდ როლს ითამაშებს 5 წლის განმავლობაში პოლიტიკის განსაზღვრაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერება-შეთანხმებაში.
საფრანგეთში მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. როგორც ჩანს, ემანუელ მაკრონი ემზადებოდა კიდეც ამისთვის. იქ ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, მათ სერიოზულად დაამარცხეს მაკრონის პოლიტიკური ძალა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში გამოაცხადა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დაითხოვა პარლამენტი, ასამბლეა და 30 ივნისს და 7 ივლისს ორ ტურად გაიმართება არჩევნები. ვნახოთ რას მოიმოქმედებს მაკრონი, რომ არ დაუშვას მარინ ლე პენის მიერ პარლამენტის ხელში ჩაგდება.
აღმოსავლეთ გერმანიაში სერიოზული შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე, ფაშისტურთან მიახლოებულმა AFD-მა („ალტერნატივა გერმანიისთვის“), რომელმაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმარჯვა, დასავლეთში ქრისტიან-დემოკრატებმა მიაღწიეს წარმატებას. მეორეზე გავიდა სოციალ-დემოკრატების გაერთიანება.
ყოველი არჩევნების შემდეგ იწყება კონსულტაციები თუ ვინ იქნება დამტკიცებული წამყვან პოზიციებზე. ეს წამყვანი პოზიციებია – ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპულის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო და თავდაცვის საკითხებში.
აქ საინტერესო კანდიდატურა განიხილება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის სახით. წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ერთსულოვნებაა. კალასი გამოირჩევა პრინციპული პოზიციით რუსეთთან მიმართებაში. ამ სიხისტის გამო ფერხდებოდა მისი კანდიდატურა ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე, თუმცა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე კალასის დანიშვნა კარგი და სერიოზული გადაწყვეტილებაა. ეს საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით თუ რაზე ყალიბდება და რა მიმართულებით მიდის ევროპული კომისია მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
მოკლედ, დიდი ცვლილებები არ მოხდა. ახლა საინტერესოა როგორ წარუძღვებიან და რა იქნება მთავარი ამოცანები ევროკომისიისთვის, ევროპული საბჭოსთვის. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაფართოების მიმართულებით ვინ იქნება პორტფელის მფლობელი. ამ მხრივაც სერიოზული განხილვები და დისკუსიები იქნება“.
ფოტო: kruathai