LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დიღმის კერძო დასახლებაში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს – რომელი ქუჩები მოწესრიგდება?

1673
sagzao infrastruqturis mowyoba did digomshi

დიდ დიღომში რამდენიმე ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და ეწყობა მოასფალტების სამუშაოები. სამუშაოები 6 ქუჩაზე მიმდინარეობს.

თემასთან დაკავშირებით “ფორტუნა” საბურთალოს რაიონის გამგებელს ესაუბრა. როგორც გაიოზ ვასაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, დიდ დიღომში მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

„უბანი არის ძალიან დიდი და ყოველდღიურად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა. აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს მოწესრიგებას. დასრულდა სამი ქუჩის კეთილმოწყობა, ერთ-ერთი უმთავრესი იყო არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია. აქ არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, არ იყო ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები. ასევე, იგეგმება საუნივერსიტეტო დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა. 800-მდე ოჯახი ცხოვრობს ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, რომელთაც გრუნტის გზაზე უწევთ გადაადგილება და ამ მიმართულბით ახლა მიმდინარეობს პროექტი, რომლის შემდეგაც ეს პრობლემა მოგვარდება“, – აცხადებს გაიოზ ვასაძე.

საბურთალოს რაიონის გამგებელი მესამე მიკრორაიონში არსებულ კერძო დასახლებაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, თავის დროზე ამ ადგილზე არასწორი განაშენიანება მოხდა და შეიქმნა ქუჩები, რომელზეც არ იყო არავითარი ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით,, თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, კერძო დასახლებაში რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდება.

„დღეისათვის ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი, აქედან ოთხი მიმდინარეობს და დანარჩენი ორიც მომავალში დაიწყება. ეს არის ის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც საგზაო მიმართულებით დიდ დიღომში გვაქვს”, – აცხადებს ვასაძე.

კითხვაზე იგეგმება თუ არა ერთ-ერთი მთავარი ქუჩის, იან ჰომერის მოასფალტების სამუშაოები, გაიოზ ვასაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ ქუჩის პროექტირება მიმდინარეობს.

„ახლა მიმდინარეობს ბარონ დე ბაის, ასევე ნიკო ბურის ქუჩის მოწესრიგება, დასრულდა სტრაბონი და ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის ნაწილის სამუშაოები. მიმდინარეობს იან ჰომერის ქუჩის პროექტირება და აუცილებლად ესეც განსაზღვრულია პრიორიტეტებში.

ჩვენ კარგად ვიცით სად და რომელ ადგილზეა პრობლემა და აქედან გამომდინარე ვმუშაობთ ყოველდღიურად. ვთვლით, რომ იმ სამუშაოებით, რომელსაც ჩვენ დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონის კერძო დასახლებაში ვაწარმოებთ და რომელსაც მომავალ წელსაც გავაგრძელებთ, შევცვლით იქ არსებულ მდგომარეობას ამ ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქუჩა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს მესამე მიკრო რაიონის კერძო დასახლებაში მდებარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე რომ მოხვდეთ, ან ნიკო ბურის ქუჩით, ან რაფიელ დანიბეგაშვილის ან იან ჰომერის ქუჩით უნდა ისარგებლოთ. ამ სამი ქუჩიდან ყველაზე ცუდი მდგომარეობა იან ჰომერის ქუჩაზეა, სადაც გრუნტიანი გზაა, რომელიც ძალიან ხშირად ფუჭდება და საავტომობილო გზაზე ე.წ „იამკები“ ჩნდება.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქუჩაზე გადაადგილებას უამინდობა უფრო მეტად ართულებს, რადგან გზამდე ტალახანი ფეხსაცმლის გარეშე გადასვლა შეუძლებელია.

„ცელოფნებს ვაცმევთ ხოლმე ბავშვებს, რომ წვიმიან ამინდში სკოლაში სუფთად მივიდნენ. საშინელი ტალახია წვიმის დროს. რა გახდა ამ ქუჩაზე ერთი გზის დაგება. პარალელური ქუჩები რომ კეთდება, რომელიც ფაქტობრივად მეორეხარისხოვანია, იან ჰომერის ქუჩა გაკეთებულიყო, ან დანიბეგაშვილი. ამ ორი ქუჩიდანაა შესაძლებელი სხვა ქუჩებზე გადაადგილება. 21-ე საუკუნეში არ გვაქვს კანალიზაციაც… იან ჰომერის ქუჩის ნახევარზე კანალიზაცია შემოყვანილია, მაგრამ მთლიან ქუჩაზე, კერძოდ ბოლოში, არ არის მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა. ჭები აქვს ხალხს გაკეთებული, რომელიც ერთ თვეში ივსება და ამოსატუმბი ხდება. ყოველთვე აქვს ხალხს 250 ლარი, რომ საკანალიზაციო ჭა ამოტუმბოს?! სოფელშიც კი არ არის ასეთი მდგომარეობა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე.

„ეს ქუჩა რომ გაგვიკეთონ, საუკუნის საქმე იქნება. ახალი საბურავები გავაფუჭე ორ თვეში. იან ჰომერის ქუჩა არის ცენტრალური და თუ გაკეთდება ძალიან კარგი იქნება“ – განაცხადა იან ჰომერის ქუჩის მაცხოვრებლმა.

იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს ქუჩაზე არსებული მდგომარეობა, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „დიდი-დიღმის“ გვერდზე არის გავრცელებული.

იან ჰომერის ქუჩა. იქნებ ეს ვიდეოც დადოთ და მერიის ყურადღება მივიქციოთ“. – გ.ხ.

რთული მდგომარეობაა ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზეც.

 

mazda magti 5g