LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის რეაბილიტაცია და შეზღუდვები გზებზე – რა სქემით მოუწევთ მოძრაობა მძღოლებს ზაფხულის განმავლობაში

თბილისში 16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე, მიწისქვეშა კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მოქალაქეებს საცობით გამოწვეულ დისკომფორტთან შეგუება მოუწევთ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე, “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ზაფხული შეგნებულად შეირჩა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ავტომობილების ნაკადიც მცირდება.

მუმლაძე მოძრაობის შეფერხებას არ გამორიცხავს, თუმცა აქვე ამბობს, რომ  შედგენილია სპეციალური სქემა, რომლის მიხედვით, რეაბილიტაციისას გზები არ გადაიკეტება, ანუ  მოძრაობა ცალმხრივი გახდება. გარდა ამისა, მძღოლები შედგენილი სქემის მიხედვით ალტერნატიული გზებით ისარგებლებენ. გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობას კი საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

„ქალაქში როდესაც საცობი წარმოიქმნება, ამის მიზეზი ავარია ან სატრანსპორტო საშუალების დაუდევრად გაჩერება გახლავთ. ახლა კი, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, ბუნებრივია, გადაადგილების მხრივ შეფერხება იქნება. შესაბამისად,  ეს პერიოდი დავამთხვიეთ იმას, რომ ავტომობილების ნაკადი შემცირებულია. პეკინზე ავტომანქანის მოძრაობა დათვლილი გვაქვს და საათში ერთ მხარე, დახლოებით,  3 000 ავტომობილს ატარებს, ანუ ორივე მხარეს, საშუალოდ, 6000 ავტომობილი გამოდის. შესაბამისად,  ნაკადმა რომ იკლო, ეს პერიოდი ამიტომ დავამთხვიეთ.  ამ პერიოდისთვის აღნიშნული ნაკადების გათვალისწინებით შემოთავაზებულია ავტომობილების გადაადგილებისთვის სქემა,“ – ამბობს მამუკა მუმლაძე.

მისი თქმით, სპეციალური გეგმის შედგენაში ჩართული იყო საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, დავით მიქიაშვილი, მოადგილეებთან ერთად. ასევე ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს.

 

შეზღუდვის პერიოდში სამოძრაო სქემა 

„მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.  მობილიზებული იქნება დროებითი შტაბი, რომელიც გადაადგილების კოორდინაციას განახორციელებს.

შეზღუდვის დაწესებამდე დამონტაჟდება სპეციალური ნიშნები, რომელიც მიუთითებს მოქალაქეებს, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ქალაქში,“ – ამბობს მუმლაძე და დეტალურად ხსნის მოძრაობის სქემას.

 

ამ სქემის მიხედვით, პეკინის გამზირი მთლიანად  გაცალმხრივდება. გზა ჟვანიას სახელობის მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე გაცალმხრივდება, შემდეგ მარცხენა მოხვევით გადავალთ კოსტავას ქუჩაზე, რომელიც ასევე ცალმხრივი იქნება სააკაძის მოედნამდე. სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩა მთლიანად ჟვანიას მოედნამდე  გაცალმხრივებული იქნება. ტაშკენტის ქუჩა, სადაც გარკვეული ნაწილი გაცალმხრივებული იყო ამ რეაბილიტაციის პირობებში, კანდელაკის ქუჩამდე მთლიანად გაცალმხრივდება, აქ, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პარკინგით სარგებლობენ, დღის საათებში შეზღუდული იქნება.

რეაბილიტაციის განმავლობაში პეკინის და სხვა ქუჩებზე   პარკინგი საერთოდ გაუქმდება. პარკინგის კუთხით, ასევე შეზღუდვები დაწესდება  იოსებიძის ქუჩაზე და ეს შეზღუდვები რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოქმედებს.

„ქალაქში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაო ტარდება, გამოსაცვლელია კომუნიკაციები, დაგეგმარება  შეთანხმებულია იმ კომპანიებთან,  რომლებიც    სამშენებლო სამუშაოებს ატარებენ. კერძოდ,  გაზის, წყლის და კანალიზაციის. სამუშაოები 5 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, ანუ მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ, დახვდებათ რეაბილიტირებული და თავისუფალი ქუჩები,’’ – განაცხდა „ფორტუნასთან“ მამუკა მუმლაძემ.

 

სპეციალისტების რეკომენდაციები მერიას 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მისალმებიან საგზაო უსაფრთხოების კუთხით  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები,  თუმცა იმის  ფონზე,  როდესაც პიკის საათებში  თბილისში  ავტოტრანსპორტით გადაადგილება თითქმის პარალიზებულია და დაუსრულებელი საცობებია, ორგანიზატორებს სარემონტო სამუშაოების დროულად დასრულებისკენ მოუწოდებენ.

ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ დამფუძნებელი, გელა კვაშილავა, “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ საცობები თავისთავად იქნება, თუმცა, პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავალს საპატრულო პოლიციის ჩართვაში ხედვას. 

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე,  დავით მესხიშვილი, კი “ფორტუნასთან” საუბრისას გასული წლების მაგალითზე ამბობს, რომ გზებზე სარეაბილიტაციო  სამუშაოები დროულად არასდროს დასრულებულა,  რაც მოძრაობის პარალიზებას ქმნიდა. ამიტომ, მისი თქმით, მიესალმება სარემონტო სამუშაოების დაწყებას ისე, რომ ამან მოქალაქეებს პრობლემები არ შეუქმნას.

“რაც შეეხება მოძრაობის დარეგულირებას, პირველ რიგში, ტელევიზიით უნდა გამოცხადდეს, რა ალტერნატიული გზებით ისარგებლებენ მოქალაქეები, ხოლო ამ გზებზე კი აუცილებლად საპატრულო პოლიცია უნდა მობილიზდეს, რომ საგზაო მოძრაობა დაარეგულიროს. ასევე მთავრია  მძღოლების ინფორმირებულობა, რათა შეძლონ, გადაანაწილონ  სამუშაო გეგმა-გრაფიკი ისე, რომ ზუსტად 6-7 საათზე იმ კონკრეტულ ქუჩაზე არ მოხვდნენ. ინფორმაციის სწორად  მიწოდება აუცილებელია მძღოლებისთვის, რათა  შემთხვევით ნაკადებმა არ ისარგებლონ  იქ,  სადაც სხვა  ტრანსპორტი მოძრაობს. მაგალითისთვის გეტყვით, თუ შემიძლია, საბურთალოზე მოვხვდე ისე, რომ არ გავიარო პეკინის ქუჩა, ინფორმირებული უნდა ვიყო,  თუ რა ალტერნატიულ გზებს მთავაზობს დედაქალაქის მერია,“ – ამბობს დავით მესხიშვილი.

 

სალომე კვარაცხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები