ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „ფორტუნაზე“ მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ აღზრდის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა, რის შედეგადაც ადამიანები ზარმაცდებიან და ბავშვობაში რჩებიან.
„მართალია მშობლებს კარგი უნდათ შვილებისთვის, მაგრამ ხშირად მაინც გვეშლება, შეცდომა არის ადამიანური ფაქტორი, რაზეც უნდა ვსწავლობდეთ. არსებობს მშობლობის ჰიპერმეურვეობის ფორმა, როდესაც უნდა შვილს ყველა სახის საფრთხე აარიდოს, უნდა ყველაფერი გაუკეთოს. ეს არის მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის უკიდურესი ფორმა.
მე მომისმენია, ზრდასრულ მეუღლეზე ცოლი ხუმრობდა, სახლში უნდა წავიდე, რომ შაქარი ჩაიში ჩავუყაროო. რას ნიშნავს ეს?
დიდი განსხვავებაა ზრუნვასა და მეურვეობას შორის, ზრუნვა კარგია, მეურვეობაა – როცა შვილის ნაცვლად აკეთებთ ყველაფერს, რაც მას ბევრი მიმართულებით შეაფერხებს. ამ ზრდასრულ კაცსაც მშობლები ზრდიდნენ და ახლა იცით რა ხდება, გაიზარდა და ისევ მეურვეობის ქვეშაა, დედამ „გადააბარა“ ცოლს და მასზე მეურვეობა ახლა ცოლმა აიღო. ეს არის აღზრდის შედეგი, ეს არის მაგალითი, თუ როგორ ვრჩებით ბავშვობაში.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ ვივითარებთ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა ვითარდება 1-დან 3 წლამდე. სწორედ მშობელმა უნდა ასწავლოს ისეთი დეტალები შვილს, რომლებიც მის ასაკს ეხება.
ბავშვობაში ჩარჩენა არის ფსიქიკური ინფანტილიზმი და ყველა ის პრობლემა, რაც გვაქვს დღეს საზოგადოებაში, უკავშირდება სწორედ ინფანტილიზმს, ანუ უპასუხიმგებლობას, პრობლემის დამოუკიდებლად ვერ გადალახვას. სხვათაშორის ასეთი ფრაზა გვაქვს: „პატრონი არ გვყავს“, ანუ ისევ სხვას ველით, რომ “რამე გვეშველოს”. არადა, ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ და უნდა შეგვეძლოს პასუხისმგებლობის აღება“.