დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად თბილისის მერიამ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკისდრა კინოსმა.
სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის (E5P) მიერ გრანტი – ოთხი მლნ ევრო.
პროექტი ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას მოიცავს – დიდი ლილოს პოლიგონზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, ის ელექტროენერგიად გარდაიქმნება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება.
როგორც მერიაში აცხადებენ, შესაბამისი ტენდერის საფუძველზე საერთაშორისო კონსულტანტები შეირჩევიან, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2025 წელს დაიწყება.