რუბრიკაში “ბიზნესმენის ისტორია” წარმოგიდგენთ სანდრო მილორავას ისტორიას.
სანდრო მილორავა – ბიზნესმენი, “მარანი მილორაულის” დამფუძნებელი.
ოჯახი:
ბაბუა – ალექსანდრე მილორავა, დასავლეთ საქართველოდან იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კახეთში ჩამოვიდა და თელავის უნივერსიტეტში გერმანულს ასწავლიდა. აქვე დაოჯახდა. ბებია – ლიზა მაყაშვილი რეპრესირებული ოჯახიდან იყო. 1924 წელს მისი მამა და ბიძა მეტეხის ციხეში დახვრიტეს, ქაქუცა ჩილოყაშვილთან კავშირის გამო. ბებია შემდგომში მემუარებს წერდა იმ საშინელ წლებზე, ასევე, მაყაშვილების რუისპირულ ისტორიებზე. მაყაშვილების სახლი და მარანი იმ დროისთვის ცნობილი იყო.
20-25 წლის წინ, რთული პერიოდი იყო. ფაქტობრივად არ იყო არაფერი, არც სასტუმრო და არც მსგავსი სახის მომსახურების სფერო. სწორედ ამ წლებში ჩემმა მშობლებმა თელავში საოჯახო სასტუმრო გახსნეს, რომელიც წლებთან ერთად ვითარდებოდა.
სამსახურიდან წასვლის მიზეზი და ბიზნესის დაწყება:
ბოლო პერიოდში საქართველოში ტურიზმი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და თელავშიც ბევრი ახალი, საუკეთესო საოჯახო სასტუმროები მოეწყო.
ადრე ვმუშაობდი საჯარო და არასამთავრობო სექტორში, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი დისკომფორტს და ვამბობდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, კაბინეტური თუ საოფისე სამსახურები არ მომწონდა. მინდოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი შემექმნა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, წინაპრების ტრადიციები გამეგრძელებინა და ბაბუის დროინდელი მარანი გამეფართოვებინა. ერთ დღესაც გადავწყვიტე და დავტოვე სამსახური. არ ვიცოდი საიდან დამეწყო მარნის მშენებლობა. მეგობრების დახმარებით, 2015 წელს შევიძინე ქვევრები და დავიწყე მარნის გაფართოვება. იმავე წელს შევიძინე ყურძენიც და ასე დაიწო ჩემი შეხება მეღვინეობასთან.
რა თქმა უნდა იყო სირთულეები, ამ საქმეში დამწყები ვიყავი, მქონდა მწირი გამოცდილება, ბევრი სატელეფონო ზარი მეგობარ მეღვინეებთან (ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის), თუმცა, ვიცოდი რომ აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს.
მახსოვს პირველ წელს შევიძინე იტალიური ყურძენი „მონტეპულჩიანო“, რომელიც ქართული ტრადიციული წესით დავაყენე ქვევრში, “რა უნდა იტალიურ ყურძენს ქვევრშიო, „მოწყინდება და მალე დაანებებს თავს მეღვინეობასო“, – კარგად მახსოვს ეს რეპლიკები, მაგრამ პირველივე მოსავალი საუკეთესო გამომივიდა, სულ დაახლოვებით 1500 ბოთლი და ცნობილი მეღვინეებისა და სომელიეების მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
პირველ წელს მონაწილეობა მივიღე ახალი ღვინის ფესტივალში, სადაც ასევე, ჩვენმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი შეკვეთებიც მივიღე. ეს იყო მოტივაცია რომელიც დღემდე მომდევს.
ბიზნესის შედეგი:
დღეს უკვე 6000 ბოთლს ვაწარმოვებ. მიყვარს ექსპერიმენტები. როგორც გითხარით თავიდანვე ვცდილობ რაღაც ახალი ვცადო. ეს იქნება უცხოური ყურძნის ჯიში ქვევრში თუ არაქართული და ქართული ჯიშები ერთად ქვევრში. წელს უსახელაური დავწურე, ქვევრში შევინახე 3 თვე, მუხის კასრში 3 თვე და კიდევ ერთი წელი ბოთლებში დაძველდება. მოკლედ, ექსპერიმენტებს არ ვერიდები და სხვასაც ვურჩევ თამამად შეეჭიდონ.
მოგეხსენებათ, ღვინის ტურიზმი მსოფლიოში საკმაოდ მოთხოვნადია და ჩვენი სტუმრების რაოდენობაც დღითიდღე იზრდებოდა. ჩვენგან წასული სტუმრის საუკეთესო შეფასება და ამ მხრივ ქართული ღვინის პოპულარიზაცია დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის.
ერთ ისტორიას მოგიყვებით, 2017 წელს სასტუმროში მესტუმრა კანადელი სტუმარი. რთველის პერიოდი იყო. 3 დღით დაჯავშნა სასტუმრო და ბოლოს 2 კვირა დარჩა. დაესწრო რთველს, უყურა ყურძნის დაწურვის პროცესს და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა უკან. 2 თვის შემდეგ დამირეკა, მთხოვა დავხმარებოდი და მისთვის კანადაში (ვანკუვერი) ქვევრები გამეგზავნა. ორი კონტეინერი ქვევრი გავაგზავნეთ, ჯამში 55 ქვევრი. დღეს ეს ადამიანი ქართულ მარანს აშენებს ვანკუვერში და ქართული ტრადიციული წესით აპირებს ღვინის დაყენებას.
ახლა გვაქვს საკუთრებაში მიწა, სადაც ვაპირებ ვენახის გაშენებას. პანდემიის ფონზე ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერებულია, გაყიდვებიც აღარ არის მაღაზიებში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა დაძლევს ამ კრიზისს და კახეთის მევენახეებს დაგვეხმარება საგრანტო პროგრამებითა და იაფი კრედიტებით.
დამწყები მეღვინეებისთვის ჩემი რჩეევა შემდეგია, თუ საქმე გიყვართ, ბოლომდე მიყევით იდეას, სირთულეების არ შეგეშინდეთ, შეიყვარეთ და დიდი შრომის შედეგად წარმატება აუცილებლად მოვა.