სანდო ელოშვილი ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას შესახებ ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„კარგიც ბევრი ითქვა და ცუდიც დაიწერა, ასეც იქნებოდა და არც იმას ვფიქრობ, რომ გარდაცვალების შემდეგ რაიმე არ უნდა თქვა… მაგრამ ხელოვანს უცნაური, უფრო სწორად მრავალი ცხოვრება აქვს, განსაკუთრებით კი რეჟისორს, რომელშიც მისი პერსონაჟები ცხოვრობენ და არ იფიქროთ რომ ის რამე ახალს იგონებს, უბრალოდ საკუთარ სულში იქექება და ასე იბადებიან მისი გმირები!
ასე რომ ელდარ შენგელაია გულუბრყვილო და შერეკილი ერთაოზიცაა ძუკნურიდან და სიყვარულზე შეყვარებული გიჟი მასწავლებელიც გარიყულადან. საკუთარ თავში დაკარგული ხელოვანია აგული ერისთავივით, რომელიც თეთრ მარმარილოს უტრიალებს და გაზაფხულის გამოქანდაკებაზე ოცნებობს და პროფესია მობეზრებული შავლეგიც, რომელსაც თუკი საღამოს “სპექტაკლი“ არ აქვს, სამაგიეროდ აქვს იდეა!
ცოტათი პლატონ სამანიშვილია, ტკივილი რომ თვალებიდან გადმოსდის და ცოტათი კირილე მიმინოშვილი, ყველაფერი ღირებული რომ გაუფასურებული აქვს…
ვაჟა ზაზაევიჩიცაა, სულ სადღაც რომ ეჩქარება და სინამდვილეში არსად და საკუთარ სამსახურში თუ ქვეყანაში ჩაკარგული სოსოც, თავისი ორი სათაურით…
პორტ არტურიდან ცხენს გამოსწრებული პიპინიაც და ნოშრევან კუჭუხიძეც აბი გლუკოზათი!
რადიატორთან მჯდომი ვალოდია ჯინჭარაძეა და მარკშეიდერიც, ერთი ორი აქამდე რომ უნდა გვყოლოდა…
და რაც მთავარია… მიაჩნდა რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი!
ასე რომ… დიდხანს იცოცხლებს ელდარ შენგელაია… ზემოდანაც გადმოგვხედავს და დაიძახებს… ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ჰოუ რანინა!“, – წერს სანდრო ელოშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 92 წლის ასაკში, ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი, ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.
ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში.
1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.