აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
თოვამ სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებსა და დაბლობში.
ბათუმის მერიის განცხადებით, ერთი დღით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბარებში.
„რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეჩერდა ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებშიც:
„რთული მეტეოროლოგიური პირობების – დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება“, – აღნიშნულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდთოვლობას ებრძვიან ფოთშიც. ძლიერი თოვის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც.
ფოთის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მერიის ცნობთ, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები, ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.