დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
მისივე თქმით, ხანძარი 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა და მისი გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„რაც მთავარია ადამიანები ფიზიკურად არ დაშავებულან, მადლობა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს ოპერატიული და კარგი მუშაობისთვის. ზარალის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ არსებობს, თავად ხანძარი 1500 კვადრატამდე ფართზე არის გავრცელებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზი არავინ არ იცის, ამას გამოძიება დაადგენს. საოფისე ფართი იყო მეორე სართულზე, ძირითადად საოფისე ფართია დამწვარი, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობდა, იქ ხანძარი ნაკლები იყო. ჩემი პირველადი ინფორმაციით, ობიექტი დაზღვეულია“, – აღნიშნა ვლადიმერ ძნელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა.