ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში, სიღარიბეს თავი 400 000 ადამიანზე მეტმა დააღწია, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ორგანიზაცია ”მოქალაქის” ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
”ამ თვის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა სიღარიბესთან დაკავშირებით კვლევა დაასრულა. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელზეც მოსახლეობასთან კომუნიკაციაა საჭირო. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დღეში 2.5 დოლარზე მეტი დახარჯონ საკუთარ თავზე 2012 წელს იყო მილიონ 900 000. საუბარია უკიდურეს სიდუხჭირეზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 490 000-მა ადამიანმა თავი დააღწია ამ ზღვარს. ადამიანთა ეს რიცხვი პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ამდენი ადამიანი ამოვიდა უკიდურესი გაჭირვებიდან”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და გამოიკვეთა ბიზნესის დამოკიდებულება. ქუმსიშვილის განმარტებით, კვლევების მიხედვით, ბიზნესის ნდობის ინდექსი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ჯანსაღი და ძლიერია.
”ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. მით უმეტეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვსტიციები, რომელიც პირველ კვარტალში გვქონდა 376 მილიონი დოლარის ოდენობით არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა პროექტი ძალიან აქტიურ ფაზაშია. ეს არის ყველაზე დიდი რიცხვი 2008 წლის შემდეგ”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ოპონენტების მოსაზრებებს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს აბსოლუტურად უსუსური კითხვები იყო.
”მაგალითად, პაატა შეშელიძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ხელისუფლება საშუალებას აძლევდა ბიზნესს, ფული დაეგროვებინა და მხოლოდ ამის შემდეგ უყოფდა ხელს ჯიბეშიო. ეს რა თქმა უნდა ძალიან სასაცილო და უსუსური განცხადებაა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
