მხატვარ-დიზაინერი მადონა ხარატიშვილის კოლექცია ბელორუსიაში, მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი. კოლექციაში, რომელსაც ”ობობის ქსელი” ჰქვია, მხოლოდ ქალის ხაზია წარმოდგენილი.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, კოლექციაში მხოლოდ ქართული, არგენტინული, ფრანგული და იტალიური ტყავია გამოყენებული.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს მისი ფეხსაცმლის შეძენა 250-500 ლარის, ხოლო აქსესუარების, კერძოდ კი ქამრების, საყურეებისა და სამაჯურების 10-80 ლარის ფარგლებში შეეძლებათ.
”ობობა დევიზად იმიტომ ავირჩიე, რომ ძლიერი მწერია. ის თავად ახერხებს გააბას კავშირები ქსელების სახით და ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა შეძლოს საკუთარი ”ქსელის გაბმა”. მე ვამაყობ, რომ ჩემს კოლექციაში ქართული ტყავია გამოყენებული და მიხარია, რომ ვახდენ მის რეალიზაციას”, – განაცხადა ხარატიშვილმა.
გარდა ხსენებული კოლექციისა, მადონა ხარატიშვილი მსურველებს ბავშვისა და მამაკაცის ხაზსაც სთავაზობს. კლიენტებს ბავშვის ფეხსაცმლის შეძენა 65 ლარად, ხოლო მამაკაცის 250-350 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
როგორც დიზაინერმა განმარტა, იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ გადაადგილება, სახლში აკითხავენ, უღებენ ზომებს და პროდუქციის შექმნისთანავე სახლში მიტანის უფასო სერვისითაც ემსახურებიან. გარდა ამისა, ვეტერანებსა და პენსიონერებს 50%-იან ფასდაკლებასაც სთავაზობს.
მადონა ხარატიშვილის SHOW ROOM მრგვალ ბაღთან, ქუთათელაძის 5 ნომერში მდებარეობს და კვირის გარდა ყოველდღე, 10:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.