რატომ არ გააფრთხილეს მოქალაქეები მოსალოდნელი დარბევის შესახებ და რატომ არ მოუწოდეს მათ დაშლისკენ – 20-21 ივნისის აქციების შემდეგ, ახლაც ეს კითხვები ისმის.
სამწუხაროდ, ისევ აქტუალურია ფრაზა “ნუ გვაბრმავებ” და ცალ თვალზე აფარებული ხელი, რომელიც გავრილოვის ღამის საპროტესტო ტალღის სიმბოლოდ იქცა.
არ იცვლება არც ბრალდების ადრესატები. აქციის მონაწილეების მტკიცებით, სამართალდამცავების ნაწილი დამიზნებით იყენებდა წყლის ჭავლს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საპირისპიროს ამტკიცებს. განმარტებები მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ გააკეთა და ოფიციალური სტატისტიკაც გვამცნო, რომლის მიხედვით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილე.
„ნუ გვაბრმავებ“ – ისევ ამ ლოზუნგით და ისევ ჟურნალისტების დასაცავად, აქცია ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა.
“ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ვართ დამოუკიდებელი პროფესიული ეთიკის დამცველები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის. სხვანაირად მათ არ ესმით, თუ არ გამოვხატეთ პროტესტი.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას ყველა ღონე გამოიყენონ იმისთვის, რომ რამენაირად დავიცვათ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტებისთვის შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო.
20 ივნისაც და გუშინაც, დამიზნებით თვალებს თხრიდნენ ჟურნალისტებს” – განაცხადა ქარტიის საბჭოს წევრმა, გელა მთივლიშვილმა.