დმანისის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიან მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
გზის აღნიშნული მონაკვეთი გადის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება. ამორტიზებულ გზაზე ასფალტი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.
პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე შუახრამზე არსებულ ხიდსაც. ხოლო მდინარე ახაზე ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისთვის გზის საფუძვლის მოწყობის და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.