ოპოზიციის წევრი რამიზ რამაზანოვი, რომელიც გაუჩინარებული იყო და ორი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, დღეს დმანისის საკრებულოს სხდომაზე მივიდა.
შედეგად, ქვორუმი შედგა და 30-წევრიანი საკრებულოს უფლებამოსილება ცნეს.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს, თანამდებობას მმართველი პარტიის დეპუტატი, პაატა ყულიაშვილი დაიკავებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს.
როგორც ცნობილია, სხდომას მხოლოდ რამიზ რამაზანოვი და მმართველი პარტიის წევრები ესწრებიან.
როგორც სხდომის დაწყებამდე რამაზანოვმა განაცხადა, ის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, ის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დმანისის ორგანიზაციის წევრები აცხადებდნენ, მასთან ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ დაკავშირებას.
მათი თქმით, მმართველი პარტია დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას მუქარით აიძულებდა, იმისათვის, რომ სხდომა არ ჩაშლილიყო.
რამიზ რამაზანოვმა კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არავინ დამუქრებია, და მაშინ, როდესაც ეძებდნენ – სახლში იყო.