დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა.
როგორც გუგეშაშვილმა განაცხადა, ეს ადამიანი მას გაეცნო სახელით ზურა და გვარი არ უთქვამს. გუგეშაშვილის მტკიცებით, მკვლელი მის სახლში რამდენჯერმე იმყოფებოდა და მომხდარის დღეს მისი სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა.
”ეს ადამიანი რამდენიმე ხნის წინ გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე. მის ვიღაც ახლობელს კიევში, ერთ-ერთ მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან ომია უკრაინაში, მთხოვა დახმარება, რომ ჩემს რომელიმე ნაცნობს ეს პირი მაღაზიიდან აეროპორტამდე მიეცილებინა, ნავაჭრი ნივთებით”, – განაცხადა გუგეშაშვილმა.
თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.