LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლარის გაუფასურებამ ლარის კურსს ვერ უშველა

79

ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნების წინასწარი და მოულოდნელი შედეგის გამო, დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით, სწრაფად გაუფასურდა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა განუმარტა, დოლარის დაცემა მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, არჩევნების პროცესების ჩავლისთანავე ამერიკული დოლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

”დოლარის დაცემა მოულოდნელი არ იყო, რადგან ძალიან დიდი ფსონი იყო დადებული კლინტონის მოგებაზე. ფინანსური ბაზრები ძალიან ფრთხილები არიან და როდესაც ნაკლებად მოსალოდნელი რამე ხდება, ისინი უარყოფითად რეაგირებენ. აქ საგანგაშო არაფერი არ არის. დოლარის კურსი ალბათ, ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, მას შემდეგ რაც საარჩევნო პროცესი ჩაივლის”, – განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

დოლარის დაცემა, სხვადასხვა კურსებზე ნამდვილად აისახა, თუმცა არა ლარზე.

ლარი დოლარისა და ევროს მიმართ დღეს კვლავ დაეცა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4546 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0084 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. 0.0205 პუნქტით დაეცა ლარი ევროს მიმართ და ერთი ევროს ფასმა 2.7236 ლარი შეადგინა.

როგორც ”ფორტუნასთან” ზვიად ხორგუშვილი განმარტავს, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ლარის გაუფასურების ტენდენცია უფრო მზარდი და სწრაფია ვიდრე დოლარის.

”ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დოლარის გაუფასურება ლარზე დადებითად აისახება. დოლარი ძალიან მცირედით გაუფასურდა, რაც დიდ გავლენას ლარზე არ მოახდენს. აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ლარი რამდენად უფასურდება და დოლარი რამდენით უფასურდება. თუ სხვა ვალუტებთან მიმართებით ლარი უფრო უფასურდება, ვიდრე დოლარი, რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ხორგუაშვილმა.

ამერიკის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, დოლარი განსაკუთრებით დაეცა. ამერიკული დოლარი დილიდან უფასურდება ევროს, ფუნტის, იენისა და შვეიცარული ფრანკის მიმართ.

ევრო დოლარის მიმართ 2%-ზე მეტით გამყარდა, ფუნტი კი 1%-ზე მეტად. დოლარი დაახლოებით 3%-ით გაუფასურდა იაპონური იენის, ხოლო შვეიცარული ფრანკის მიმართ 2%-ით.