LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

66

2016 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, დოლარში კი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

”ამ პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 27.4 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 50.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.3 პროცენტი შეადგინა)”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.6 მლრდ ლარის (7.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 7.5 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის განმავლობაში, 0.4 პროცენტით ანუ 35.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 8.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.01 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 22.8 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და 2016 წლის პირველი მარტისათვის 16.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები