აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ლიდერს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპი ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში, სამხედრო კონფონტაციასაც არ გამორიცხავს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ირანი აშშ-სა და სხვა ქვეყნებს ემუქრება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოფიციალური თეირანი მასთან სატელეფონო დიალოგს უნდა აწარმოებდეს და სამართლიანი შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.
„ჩვენ არ გვსურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ეს არც ისე დიდი სათხოვარია. მათ უნდა დარეკონ. თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მოლაპარაკებისთვის ღია ვართ“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ვითარების გამწვავებაში ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ადანაშაულებს. ტრამპის თქმით, ჯონ კერი ირანთან ხშირად საუბრობს და მოუწოდებს მათ არ დარეკონ თეთრ სახლში, რაც ლოგანის აქტის დარღვევაა.
