“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ დროა, ხელისუფლებამ შესაბამისი კანონი მიიღოს და არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც ჩარჩოებში ჩასვას.
ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილს, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი.
ფრიდონ ინჯია ურჩევს ხელისუფლებას, გადახედოს ხელისმომწერების სიას, რადგან მასში აღმოაჩენს როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისი თქმით, ისინი იცავენ მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებსა და ხაზინის ქურდებს:
“ამ დღეებში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს და ხაზინის ქურდებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს ამ სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ, ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა, ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა.” – განაცხადა ინჯიამ.