30 დეკემბერს თბილისის სიმფონიური ორკესტრი წარმოგიდგენთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის N3, რომელსაც შეასრულებს გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი – დუდანა მაზმანიშვილი.
მან უმაღლესი მუსიკალური განათლება მიუნხენსა და ნიუ-იორკში მიიღო და უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ საკონცერტო სცენაზე.
ღონისძიებაზე ასევე შესრულდება ვახტანგ კახიძის „საშობაო ტრილოგია“ მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდისთვის ორკესტრის თანხლებით. ეს ნაწარმოები დაიწერა შვეიცარიის არმიის სასულე ორკესტრის დაკვეთით და მიეძღვნა ქრისტეშობის 2000 წლის საიუბილეო თარიღს. გუნდის პარტიას თავიდანვე ანსამბლები „რუსთავი“ და „მძლევარი“ ასრულებდნენ. 2004 წელს კომპოზიტორმა შექმნა ნაწარმოების ახალი რედაქცია სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც ამ საღამოს გაჟღერდება.