გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.
თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი დაიღუპა. მანვე აღნიშნა, რომ დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა.
„ორ კვირაზე მეტია, რაც თავშესაფარში კარანტინი გვაქვს. მიზეზი ცოფის გამოვლინებაა. თავიდან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკვებზე.
მას შემდეგ, რაც ერთი ლეკვი მოკვდა, დავიწყეთ ახლო მდებარე ზოლში ძაღლების ხელახლა აცრა და შემხებლობაში მყოფი ყველა ცხოველი გადმოვიყვანეთ დაკვირვების ქვეშ – ჯამში, 90 ძაღლი, საიდანაც 14 მოკვდა. ჩვენ სააგენტოში კარანტინი გვაქვს. ვოლიერებში ჰიგიენური ნორმები დაცულია“, – განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.
თემურ ზავრაშვილის ინფორმაციით, 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება, ხოლო იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.
ამასთან, როგორც სოფელ მელაანის მცხოვრებმა, ეთერ მესხიშვილმა მედიას უთხრა, ერთ-ერთმა ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა, 10 დღის შემდეგ ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ.
ოჯახის ყველა წევრი, ვისაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება, აიცრა. მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს.
„ბავშვი დაჩხაპნა, მაშინვე წაიყვანეს ასაცრელად, როცა აცრეს, გააფრთხილეს, დააკვირდით ძაღლს, რა მდგომარეობაში იქნებაო, 10 დღის მერე ეს ლეკვი მოკვდა, მერე დაადგინეს რომ ჰქონდა და მერე ყველა აცრეს. დადიოდნენ, ძაღლი, კატა, ყველა აცრეს, უპატრონო ძაღლები დადიოდნენ და სულ ყველა წაიყვანეს“. – ჰყვება ადგილობრივი „მთავარ არხთან“.