„ვინც იმას ამბობს, რომ ინფლაციას დაამარცხებს 6 თვეში ან ერთ წელში, უბრალოდ უვიცია, პირდაპირ შემიძლია ამის თქმა. როგორი ტემპითაც ინფლაცია იზრდება, იგივე ტემპით უნდა მოხდეს მისი დაგდება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, უხეშად რომ ავიღოთ, საშუალო პარამეტრებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, წელიწადში მინიმუმ 3 მლრდ ვალუტის ინვესტირებაა საჭირო, რომ ეს სწორად „აეზილოს“ ეკონომიკას და მივიღოთ შედეგი, ინფლაცია წამოვიყვანოთ მინუსში. „ამას ვაკეთებთ როგორ, პირველი, უპირობო პირობა, საგადასახადო და საინვესტიციო გარემო. დღეს ქვეყანაში ეს არ გვაქვს იმიტომ, რომ გვაქვს ნამახვანჰესის ქეისი, გემბლინგის ქეისი, ანუ რომლის შედეგადაც ძალიან ცუდი მესიჯი გავუშვით საქართველოდან, რომ აქ მსხვილი ინვესტიციის ჩადება დამოკიდებულია პოლიტიკურ ნიავზე“, – ამბობს აბესაძე.
მისივე განმარტებით, აქტიური შეხება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველასთან, ვინც კი ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას და ისინი თავს იკავებენ კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან საქართველოს ვეღარ აღიქვამენ მყარ ეკონომიურ პარტნიორად.
„იმიტომ, რომ ქვეყანა არის სრულ ტურბულენტურ მდგომარეობაში, როგორც სავალუტო მოცემულობით, ისე ეკონომიკური პარამეტრებით და პოლიტიკური გარემოთი“,- განაცხადა ოთო აბესაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.