LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიხარია, „ფორტუნას“ ეს საინტერესო წამოწყება… ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სიმღერის პოპულარიზაციისათვის…“ – ლაშა ღლონტი

173
ლაშა-ღლონტი

15 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ლაშა ღლონტი სტუმრობდა, რომელმაც მიმდინარე და დაგეგმილ ძალიან საინტერესო პროექტებზე, ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე და კონცერტებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ერთხელ გაკოცე“ პრემიერა შედგა.

ლაშა, ვისაუბროთ იმ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომლითაც დღეს გვესტუმრე და რომელიც ჩვენს ჰოლდინგს, „ფორტუნას“ უკავშირდება.

ძალიან მიხარია, „ფორტუნას“ ეს საინტერესო წამოწყება. ლაივ შესრულებით მოდიან მომღერლები და წერენ სიმღერებს. ეს კიდევ ერთი, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სიმღერის პოპულარიზაციისათვის. სწორედ ამ ფორმატით გესტუმრეთ, ცოტა ხნის წინ, მე, აჩიკო ბერიძე და სანდრო კობახიძე და ლაივ რეჟიმში ჩავწერეთ სიმღერა, რომელიც ძველია და რომელიც ბევრს უყვარს. იმედია, ამ წამოწყებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება და ძალიან კარგი გაგრძელება ექნება. „ალილოც“ აუცილებლად გესტუმრებით ამ პროექტის ფარგლებში და ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ ყველაფრით.

ვისაუბროთ აღნიშნულ სიმღერაზე, „ერთხელ გაკოცე“.

როგორც აღვნიშნე, ძველი სიმღერაა… ძველი თაობის ადამიანები მღეროდნენ. ბევრმა შეიყვარა ეს სიმღერა. სამხმოვანი, ქალაქური სიმღერაა.

გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალი ოჯახი გყავს, მაინტერესებს, რაიმე საერთო, ოჯახურ სიახლეს თუ გეგმავთ?

ოჯახური სიახლე ჯერჯერობით არ იგეგმება, მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში ჩემი საიუბილეო თარიღი დგება და დიდი კონცერტი იქნება „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“, სადაც, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, „ალილოც“ იქნება წარმოდგენილი.

როგორია „ალილოს“ სიახლეები?

ალილო 25 წლისთავისათვის ემზადება. მალე ახალი სიმღერები ჩაიწერება. მიდის ინტენსიური მუშაობა, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რადგან ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს. პირადად მე, 5 მაისს, ჰააგაში მაქვს სოლო კონცერტი. ასევე, ალილო ემზადება საფრანგეთში გასტროლებისთვის. წლის ბოლოს ტრადიციულად ამერიკაში მივემგზავრებით. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მე, დათო შანიძემ და ზვიად ბოლქვაძემ დავიწყეთ. ძალიან საინტერესო და უცხო პროექტია… ჩემთვის ცოტა სხვა ჟანრია, მაგრამ რაღაცნაირად კარგად გამოვიდა. ამ პროექტის პრეზენტაცია, ალბათ, შემოდგომაზე იქნება. პარალელურად მიმდინარეობს ოჯახური ტურნე საქართველოს რეგიონებში.

ახალ სოლო სიმღერაზე თუ მუშაობ?

ახლა მზადდება თეა ჯინორიას ახალი სიმღერა. ამ სიმღერაზე მზადდება კლიპიც. ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა იქნება.

ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე – ერთხელ გაკოცებ (Live Fortuna Records)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ერთხელ გაკოცებ – ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე

ლაშა ღლონტი. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები