17 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ თურქი ბიზნესმენი, BEKO-ს ხელმძღვანელი მეჰმედ მელექი სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის მრავალწლიან ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– მეჰმედ, წელს Beko, რომელიც 100-მდე სავაჭრო წერტილს 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინტერესოა, რამ განსაზღვრა კომპანიის წარმატება?
– ვფიქრობ, Beko-ს წარმატება პირველ რიგში მაღალმა ხარისხმა და ლოიალურმა ფასმა, მომხმარებელზე მორგებულმა სისტემამ და პროდუქციამ განაპირობა.
– მართალია, დღეს Beko-ს ყველა კარგად იცნობს, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეძელით პოპულარობის მოპოვება 25 წლის წინ, როცა მხოლოდ იწყებდით ბაზრის ათვისებას?
– მიხარია, რომ დღეს Beko-ს ცნობადობა 99,6% შეადგენს საქართველოში. ჩემი აზრით, ბაზარზე დამკვიდრებისა და ცნობადობის ასამაღლებლად – მთავარი ეფექტური მარკეტინგული კამპანიების წარმოებაა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ სერვისის გაუმჯობესებას, ქსელური მაღაზიებში გააქტიურებას და ონლაინ-პლატფორმების ინტენსიურად ათვისებას ვგეგმავთ. სხვათა შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის პირველი ვირტუალური მაღაზია სწორედ Beko-ს ჰქონდა.
– რას წარმოადგენს ახალი ბრენდი Ozdilek, რომელიც საუკეთესო კომპანიების სამეულში მოხვდა თურქეთში, ქართველ მომხმარებელს კი, განსაკუთრებულ ფასებს ჰპირდება?
– Ozdilek-ტექსტილი Ozdilek-ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო ტექსტილს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Ozdilek-ის კუთხეები Beko-ს მაღაზიებში მოეწყობა და მსურველები ყველა პროდუქციის ერთად შეძენას შეძლებენ. მართალია, ქართულ ბაზარზე ტექსტილის რამდენიმე თურქული კომპანია ოპერირებს, მაგრამ Ozdilek მაინც უმსხვილესი და ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბრენდია როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. ამასთანავე, კონკურენტებთან შედარებით ჩვენს პროდუქციაზე ფასი 20-30%-ით ნაკლებია.
– 25-წლიანი ისტორიის ფონზე, რას თვლით გარდამტეხ მომენტად?
– რამდენიმე გარდამტეხი მომენტი გვქონდა – 2003 წლის რევოლუციით და 2008 წლის ომით დაწყებული, 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებებით და 2022 წლის პანდემიით დასრულებული. რა თქმა უნდა, სირთულეები გვქონდა, თუმცა საჭირო ზომების მიღების შემდეგ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ კომპანია, არამედ განვითარებაც შევძელით. მართალია, 25 ოქტომბერს 25 წელი გვისრულდება, მაგრამ აქციებითა და სიურპრიზებით დაბადების დღის აღნიშვნა დიდი ხნის წინ – წლის დასაწყისშივე დავიწყეთ.
– რამდენადაც ვიცი, პროფესიით რეჟისორი ბრძანდებით, განათლება კი, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მიიღეთ. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში სწავლა?
– ძალიან მიყვარს საქართველო, რადგან წარმოშობით ლაზი ვარ. მუშაობა თურქეთის ტელევიზიაში დავიწყე, თუმცა, პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში გადავწყვიტე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე დოკუმენტური კინოს ფაკულტეტზე. სამი დამოუკიდებელი ნამუშევარი მაქვს, პირველ ქართულ-თურქულ სრულმეტრაჟიან ფილმში „ხიდი“ კი, ეპიზოდური როლი შევასრულე. ალბათ იცით, რომ ფილმს ერეკლე ბადურაშვილი იღებდა, თუმცა ვერ მოასწრო მისი დასრულება. დღეს წარმოების ბოლო ეტაპზე ვართ და იმედია მალე თურქეთშიც და საქართველოშიც შედგება მისი პრემიერა. გარდა ამისა, მალე ქართულ-თურქული ალბომიც გამოვა, რომელზედაც ლაზი მუსიკოსები მუშაობენ.
– როგორ აფასებთ ქართველებისა და თურქების თანამშრომლობას, თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ურთიერთობას?
– დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბევრად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, ვიდრე გასული საუკუნის ბოლოს, როცა ჩვენი კომპანია შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დღეს სწორედ თურქეთია საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და იმედი მაქვს, მომავალში კულტურის სფეროშიც შევძლებთ მსგავსი შედეგის მიღწევას.
– რა გადაცემაზე მუშაობდით თურქეთის ტელევიზიაში?
– თურქეთში ახალ ამბებზე ვმუშაობდი, საქართველოში ჩამოსულმა კი, მოკლე სიუჟეტების გადაღება დავიწყე თურქული ტელევიზიისთვის, რათა უკეთ გაეცნოთ ქართველები და საქართველო. გარდა ამისა, ძალიან მინდა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ჩემს 25-წლიან ცხოვრებასა და საქმიანობაზე საქართველოში.
– რამდენად რთული იყო ქართული ენის სწავლა?
– საკმაოდ მარტივად ვისწავლე, რადგან ქართული და ლაზური მსგავსი ენებია. გარდა ამისა, მეუღლე მყავს ქართველი და სახლშიც სულ ქართულად ვლაპარაკობთ.
– როგორ ამხნევებთ საკუთარ თავს რთულ სიტუაციაში?
– ვფიქრობ, მთავარი ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდის და სამართლიანობის შენარჩუნებაა. ბიზნესში კრიზისის დაძლევას კოლექტივთან ერთად ვცდილობ. საერთოდ, Beko-ს ძალიან შეკრული გუნდი ჰყავს, მოგვწონს ერთმანეთის მოსმენა და საერთო გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.
– რა თვისებას აფასებთ თანამშრომლებში ყველაზე მეტად?
– ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მოწესრიგებულობა, მაგრამ უმთავრესი მაინც ერთგულება და პატიოსნებაა.
– როგორი ხელმძღვანელი ხართ?
– ნაკლებად მომთხოვნი ვარ, თუმცა მიყვარს დისციპლინა. ვფიქრობ, თანამშრომლებთან მეგობრობით უფრო კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მოთხოვნითა და ბრძანებით.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– რამდენიმე ადამიანის რჩევას ვითვალისწინებ, ერთ-ერთი მათ შორის საქართველოში ყველაზე ცნობილი თურქი ქართველი ოსმან თურანია, რომელსაც ძალიან წარმატებულ ბიზნესმენად ვთვლი და მისი აზრიც საყურადღებოდ მიმაჩნია.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– გადაწყვეტილებას გააჩნია. ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ კი, დაფიქრება მჭირდება.
ბლიცკითხვები:
– რამდენად კარგი კულინარი ხარ?
– ძალიან კარგი, კერძების მომზადებაც მიყვარს და გემრიელად მირთმევაც.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?
– ყველაზე ხშირად ჩემს ოფისმენეჯერს – ლელას ვეძახი და ძალიან მოვაბეზრე თავი.
– რაზე გადაიღებდით ფილმს?
– რა თქმა უნდა, საქართველოზე.
– გაქვთ თუ არა ოჯახში წესი, რომელსაც ყოველთვის იცავთ?
– წესი ნაკლებად, უფრო ჩვეულება. ბავშვები ყოველ კვირას გასეირნებას მთხოვენ, მე კი, პირიქით, სახლში მინდა ყოფნა და სულ ვკამათობთ.
– სად ისვენებთ ყველაზე კომფორტულად?
– სახლში ოჯახთან ერთად.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– წარმატების გზას.
– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისციპლინა და ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.