LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მომეწონა თბილისი“ – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ m&i-ის გლობალური ფორუმის მონაწილეებისთვის ინფოტური მოაწყო

120
ტ

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში,  საქართველოში მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“, – აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ ვერსაჩე.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა“, – ამბობს ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანო.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები