LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მრცხვენია, რომ ქართულ გვარს არცხვენთ და მით უმეტეს, მეგრულ გვარს“ – რა მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

180
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან გადაისინჯება ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს “ვივამედიდან” დისტანციურად ერთვება, თუმცა, მისი გამოსახულება არ ჩანს, ვინაიდან სხდომათა დარბაზი შეიცვალა, სადაც მონიტორი არ არის.

აღნიშნულს როგორც ბრალდებული სააკაშვილის, ასევე დარბაზში მყოფი მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა, ყოფილი პრეზიდენტის ვიზუალური მხარის გამოჩენა უზრუნველეყო.

„როდესაც დისტანციურად ერთვება, საშუალება გვაქვს, მოვისმინოთ მისი ხმა და ვხედავდეთ მის ვიზუალს. არ ვიცი, რა დავალებით, რა მიზნით უზრუნველყავით ის, რომ ბრალდებულს ვერ ვხედავდეთ. ჩვენი მოთხოვნაა, შესაძლებლობა მოგვცეთ, მიხეილ სააკაშვილს ვხედავდეთ”, – განაცხადა ბასილაიამ.

“ძალიან კარგად გავიგე და ძალიან კარგად ვხვდები, რასაც აკეთებ! თქვენ გეშინიათ! თქვენს პატრონებს ეშინიათ. გეშინიათ ჩემ მიმართ ხალხის მხარდაჭერის. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რას ნიშნავს დინამიკებში ისმის? მაშინ სასამართლო დარბაზში ჩამოგეცვათ თავზე ტომარა. ძალიან მრცხვენია, რომ ქართულ გვარს არცხვენთ და მით უმეტეს, მეგრულ გვარს, ბატონო ჯინჯოლია”, – მიმართა მოსამართლეს სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა, სურდა თუ არა პროცესის გაგრძელება, მისი თანხმობის შემდეგ, სხდომა სააკაშვილის განცხადებით გაგრძელდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები