LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძეგლებთან ბრძოლის ქართული ისტორია: ვინ გამოგვრჩა და ვისი ძეგლის დადგმა იგეგმება

1260
FORTUNA.GE (4)

მსოფლიოში ძეგლებს ბრძოლა გამოუცხადეს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და ერთ დროს გამოჩენილი ადამიანების ძეგლები, რომლებიც თავის დროზე პატივითა და ზარ-ზეიმით გაიხსნა, ბოლო დროს ჩამოაგდეს და ზოგი მათგანი წყლის ფსკერზეც აღმოჩნდა.

ჩერჩილი, ჯორჯ ვაშინგტონი, კოლუმბი, მეფე ლეოპოლდ II… ეს მცირე სიაა, ვინც ბოლო დროს რასიზმში დაადანაშაულეს და მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ისინი არ იმსახურებენ ქალაქებში მათი ძეგლების ყურებას.

ბრძოლა ძეგლებთან: მოძალადეებმა “რასისტი” კოლუმბის ძეგლი ტბაში ჩააგდეს 

საქართველომ ძეგლებთან ბრძოლის საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში ყვება თუ ვისი ძეგლების დადგმა იგეგმება უახლოეს მომავალში ჩვენს დედაქალაქში. 

თამარ ტალიაშვილი - ბოქლომიანმა ...

„თბილისში ძეგლების განთავსების საკითხი 2014 წლამდე სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული. იყო ძალიან ქაოტური და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. რეალურად არ არსებობდა რეგულირების წესი, რომელიც სისტემურ ხასიათს მისცემდა ძეგლების განლაგებას ჩვენს ქალაქში. ამის გამო იყო, რომ არაერთგვაროვნად იყო აღქმული დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის და სხვა საკითხები. გადავწყვიტეთ, ევროპულ რელსებზე დაგვეყენებინა დედაქალაქში ძეგლების განთავსების თემატიკა. შევიმუშავეთ წესი, რომელმაც კრიტერიუმები გაწერა და ეს პროცესი გახდა გამჭვირვალე. დაკომპლექტდა კომისია, რომელშიც შედიან ურბანისტები, ისტორიკოსები, არქიტექტორები, მხატვარ-დიზაინერები. ისინი ჩართული არიან იმ საკითხის გადაწყვეტაში, თუ რომელი და რა სკულპტურები დაიდგმება დედაქალაქში. ეს საკითხი აბსოლუტურად გამჭირვალე გახდა და ამაში დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.

მუშაობა სკულპტურების განთავსებასთან დაკავშირებით პანდემიის პერიოდშიც აქტიურად გრძელდება. ჩვენ სამომავლოდ გამიზნული გვაქვს ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას მემორიალური ობიექტების შექმნა. ასევე იგეგმება გრიგოლ რობაქიძის, დიმიტრი ყიფიანისა და ზვიად გამსახურდიას მემორიალური ობიექტების განთავსება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისათვის ოკუპაციის მემორიალის განთავსება, რომლის დადგმაც კრწანისის რაიონში მდებარე ახალ პარკში იგეგმება. ასევე ჩვენს გეგმებშია ჰიპოპოტამი ბეგის ძეგლის განთავსება“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

ისტორია, როგორც წესი ბევრ რამეს, მათ შორის შეხედულებებს ცვლის ხოლმე. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და რასიზმის გაპროტესტების მოტივით დაწყებული ძეგლებთან ბრძოლა როგორ დამთავრდება და დაიბრუნებს თუ არა რომელიმე ლიდერი კვარცხლბეკზე ადგილს. მანამდე კი გავიხსენოთ, საქართველოში ძეგლებთან ბრძოლის არცთუ მარტივი გზა. საქართველოში ჩამოგდებული ძეგლებიდან თავის ადგილს არც ერთი არ დაბრუნებია. 

საქართველოში ძეგლების ისტორია 1867 წლიდან იწყება. სწორედ ამ წლის 25 მარტს ახლანდელი ზაარბრიუკენის მოედანზე კავკასიის მთავარმართებელის, მიხეილ ვორონცოვის ძეგლი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა. თბილისელებმა თავიანთ მიერ შეგროვებულ 36 ათას მანეთს რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი 5 ათასი დაუმატეს და პეტერბურგში ვორონცოვის ძეგლი ჩამოასხმევინეს. ვორონცოვის ძეგლი ტფილისში 1922 წლამდე იდგა. მისი ჩამოგდება, სავარაუდოდ, ბოლშევიკებმა „ითავეს“. უცნობია, სად არის ამდენ მანეთგადახდილი ძეგლი.

„რევოლუციის შემდეგ – ეს ძეგლი მე ვნახე ისტორიული მუზეუმის ეზოში. ფოლადის ფეხები გადახერხილი ჰქონდა“, – ვკითხულობთ გალაკტიონ ტაბიძის დღიურში.

მეორე ძეგლი, რომელიც თბილისში დაიდგა, ისიც არაქართველს ეკუთვნოდა. 1882 წელს თბილისში პუშკინის ძეგლი აღმართეს. ის დღემდე პუშკინის სკერში მშვიდად დგას. მას არავინ ერჩის.

მესამე ძეგლი ქართველებმა ალექსანდრე გოგოლს დაუდგეს.

პირველი ქართველი, ვისი ძეგლიც თბილისში დაიდგა, აკაკი წერეთელი იყო.

იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ბიუსტი, 1922 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში დაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ აკაკი წერეთლის ბიუსტმა მაშინდელი საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პოეტის გაშიშვლებული მკერდის გამო თბილისელების ერთ ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა.

ძეგლებთან ბრძოლა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლას, თბილისში საბჭოთა ლიდერების ძეგლების და სიმბოლოების (თუნდაც ე.წ. ანდროპოვის ყურები) დამხობა მოჰყვა. მათ შორის უდაო ლიდერი ლენინი იყო, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ სამუდამოდ მიუჩინა თავისი ადგილი.

ლენინის ძეგლის დემონტაჟი თბილისში

 

დღემდე დაობენ, უნდა იდგეს თუ არა საქართველოში სტალინის ძეგლი. ბევრი ფიქრობს, რომ უცხოეთში საქართველო სწორედ სტალინის წყალობით იციან, და ის იმსახურებს, ტურისტული თვალსაზრისით მაინც იდგეს გორში. მაგრამ სტალინმა ამ დრომდე ვერ დაიმსახურა მშობლიურ ქალაქში ხალხის სიყვარული.

სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს აიღეს და მას შემდეგ პირქვე დამხობილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, მიტოვებულ შენობაში ინახება.

New Posts: სტალინის ძეგლის დადგმის ...

ალბათ მომავალში კიდევ არაერთხელ იკამათებენ, ვისი ძეგლი უნდა დაიდგას, ან არ დაიდგას. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არც ის ვიცით, ერთ დროს აღზევებულ ძეგლს როდის ჩამოაგდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები