LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძილში ყვიროდა: იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს!”

122

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი, რომელიც ბორჯომში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, სოციალურ ქსელში, ემოციურ წერილს აქვეყნებს.

ლედი ოქროპირიძე წერს მეხანძრეების თავდაუზოგავ შრომაზე და ამ დღეების განმავლობაში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე.

ის წერს, როგორ არიან სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანები ცეცხლის ჩაქრობაზე ორიენტირებული და როგორ ცდილობს ამ საქმეში ყველა თავისი წვლილის შეტანას:

“ერთდროულად მწყინს და ბედნიერი ვარ, მტკივა და სიხარულით მეტირება… ყველა გრძნობა ერთდროულად ირევა ჩემს გულში. ეს ის შემთხვევაა, როცა მართლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები. ბორჯომში ვარ ახლა. მთელი დღე თვალი ვერ მოვაშორე ხანძრის კერებს… ძალიან ბევრი უძილო და დაღლილი სახე ვნახე… ეს სახეები აერთიანებდა ბევრი სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებს, მათ, ვისაც მართლა სტკიოდათ ყოველი დამწვარი ნარგავი, ხე და ბუჩქი. ვისაც დასვენებაზე წამითაც არ უფიქრიათ! ყოველ ჯერზე პატარა ნიავიც კი გულს უხეთქავდათ….

ვხედავდი ჩემს მეხანძრე-მაშველებს (დიახ, ჩემი!), რომლებსაც უძილობისგან და დაღლილობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე, თითქმის იძულებით გამოიყვანეს რამდენიმე მათგანი ტყიდან რომ ცოტა დაესვენათ… შემთხვევით გავიარე კარავთან, სადაც მათ სულ 2 საათით უნდა მოესვენათ ალბათ ხმა რომ შემომესმა: „იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს“! მივხვდი რომ ძილში ყვიროდა. როგორი გრძნობაა, თითქმის ჩამქრალ ხანძარს ქარი რომ ხელახლა გიღვივებს?! მომერიდა, შემრცხვა რომ ჩემდაუნებურად ვხმაურობდი, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი ტელეფონით. მეგონა მე გავაღვიძებდი – ვითომ ვერტმფრენები „ფეხაკრეფით“ დაფრინავდნენ. გამოვიპარე იმ ადგილიდან. ძალიან ბევრი ასეთივე დასამახსოვრებელი მომენტები დამიტოვა დღევანდელმა დღემ, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ…

ჟურნალისტებზე არანაკლებად ისარგებლეს დღეს ჩემი ტელეფონის ნომრით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კომპანიებმა და მოხალისეებმა. უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს! ყველა დახმარებას გვთავაზობდა, მოჰქონდათ ვისაც რა შეეძლო: საკვები, წყალი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები მეხანძრე-მაშველებისთვის. უკლებლივ ყველამ გამოთქვა სურვილი ადგილზე დარჩენის და ფიზიკურად დახმარების ხანძრის ქრობის პროცესში, მაგრამ მათი კერებამდე შეყვანა არ დავუშვით ისევ მათი უსაფრთხოების მიზნით. მართლა ურთულესი რელიეფია… ძალიან ამაყი ვიყავი მათ რომ ვხედავდი, თითოეული ზარი მაბედნიერებდა. რა თქმა უნდა, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვები პროდუქტებით, მაგრამ მათ მოწოდებულს, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა გემო ექნებოდა!

და ბოლოს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო მედიასაშუალებებს, მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ერთ დეტალს არ ტოვებდნენ გაუშუქებელს. თითოეული მათგანი ალბათ 15 წუთში ერთხელ მირეკავდა და პირველივე წინადადება, რომელიც მათგან მესმოდა იყო: „ხომ არ ჩაქრა?“ ვიმედოვნებ, ძალიან მალე გეტყვით: „კი, ჩაქრა, ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია!“, – წერს ლედი ოქროპირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g