LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

982
tornike-nagliaSvili-563x353

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი, შსს-ს თანამშომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. “რეკორდერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სპორტსმენის დაკავება 5 მარტს, ღამის 3 საათზე, მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ნაგლიაშვილს, საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

ძიუდოს ფედერაციაში ამბობენ, რომ სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ ძიუდოისტს ოჯახური პრობლემები აქვს.

“აღარ წავიდა შვეიცარიაში. ოჯახური პრობლემები აქვს, როგორც ვიცით, შვეიცარიაში კი არა, საქართველოს ჩემპიონატზეც არ გამოვიდა. დანარჩენი არ ვიცით, დაკავებულია თუ არა”, – განაცხადეს ძიუდოს ფედერაციაში.

“რეკორდერი” თორნიკე ნაგლიაშვილის დედას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია, მისი შვილის დაკავება კი იმ მესიჯებს უკავშირდება, რომელსაც სპორტსმენი ცოლს უგზავნიდა.

“ჩვენი სახლიდან აიყვანეს თორნიკე. მესიჯების გამო მოხდა ეს ყველაფერი. ერთმანეთი არ უნახავთ, უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ. ცოლმა რაღაც მესიჯი გამოუგზავნა, შემდეგ ამან უპასუხა. ვერაფერს გეტყვით, ისეთ დღეში ვარ, ბოლო დღეებია სულ ვტირი. წასასვლელი იყო ბავშვი შეჯიბრზე და ვერ წავიდა. ის, რაც მოხდა, ჩემთვის შოკია. ახლაც მასთან მივდივარ. ტანსაცმელი არ მიმიწოდებია. მაღაზიაში ვარ, რომ საჭმელი ვუყიდო და მივუტანო. თბილისში ჰყავთ გადაყვანილი.

 

დაკავებული სპორტსმენის ადვოკატი, ნანი აბრამიშვილი აცხადებს, რომ მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება, თორნიკე ნაგლიაშვილის წინასწარ პატიმრობში დატოვების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

ადვოკატის განმარტებით, თორნიკე ნაგლიაშვილი ბრალს არ აღიარებს და მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

– თორნიკე დაკავებულია მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის. თვითონ თორნიკე ბრალს არ აღიარებს.

– როგორც ვიცით, თორნიკეს მეუღლემ წარადგინა მიმოწერა პოლიციაში, სადაც ის ცოლს წერდა, რომ “თავს მოაჭრიდა”. თქვენთვის ცნობილია მიმოწერის შინაარსი?

– სხვადასხვა მესიჯებია. ამ ეტაპზე, არ მინდა საუბარი.

– შემაკავებელი ორდერი რისთვის გამოიცა, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი?

– ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამაში არ არის ნაგლიაშვილი ბრალდებული. საუბარი იყო და არის ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და მუქარაზე. ეს ნიშნავს, რომ ნაგლიაშვილი ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ძალადობას, ისიც მესიჯების საფუძველზე, თუმცა, ეს არის ვარაუდი და არ მიმაჩნია, რომ საბოლოო სასამართლო განხილვის შემდეგ, გამოძიების პოზიცია გაზიარებული იქნება.

– თქვენი ვარაუდით, მეუღლის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი?

– რა ვარაუდი მაქვს მე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბრალდებული მიიჩნევს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია.

– სად იმყოფება ახლა დაკავებული და როდის არის ჩანიშნული შემდეგი სასამართლო სხდომა?

– მარნეულის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 22 აპრილამდე შეუფარდა და ახლა მოთავსებულია ნომერ მერვე დაწესებულებაში. თუმცა, მარნეულის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ, თუკი ჩაინიშნება სააპელაციოს სხდომა, მეცოდინება თარიღი.

 

თორნიკე ნაგლიაშვილის მეუღლე, 19 წლის გვანცა ფანგანი “რეკორდერთან” უარყოფს ოჯახური ძალადობის ფაქტს და აცხადებს, რომ მათ ბავშვთან დაკავშირებით ჰქონდათ ინციდენტი, რომელიც მალე გაირკვევა.

“არანაირი ოჯახური ძალადობა, ბავშვთან დაკავშირებით გვქონდა ინციდენტი, გაირკვევა ცოტა ხანში. ეს ჩვენი ოჯახის პირადი საქმეა. წინასწარი პატიმრობაა თუ რაც არის, მალე გამოუშვებენ”, – ამბობს ნაგლიაშვილის მეუღლე.

როგორც “რეკორდერს” შინაგან საქმეთა სამინისტრო განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

 

recorder.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g