LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძლიერი ვერტიკალი”, მოსამართლეობის კანდიდატთა სია და 2020 წლის არჩევნები – რა ხდება “ქართულ ოცნებაში”

bizinadasxvebi

დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა ძალიან რთულია და ამას ძალიან ძლიერი გუნდი სჭირდება, – ეს სიტყვები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ყოფილმა პრემიერმა ამაზე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა, როცა გუნდში გაჩენილი დაპირისპირების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა. მისმა ამ ნაბიჯმა პროცესების შეჩერება დროებით შეძლო, თუმცა, დღეს “ქართული ოცნების” გუნდი ახალი კრიზისის წინაშეა, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ გამოიკვეთა. რამდენიმე თვის წინ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებული ივანიშვილი პრობლემას დემოკრატიული მეთოდებით მართულ ქვეყანაში, ხელისუფლებაში არსებულ სუსტ ვერტიკალში ხედავდა და საზოგადოებას მისი გაძლიერების დაპირებაც მისცა.

„ამ ფორმით მართულ ხელისუფლებას უკვე დაეტყო, რომ ჯერ გუნდში ვერტიკალი სუსტი იყო. ძალიან ხშირად, მარჯვენამ არ იცოდა მარცხენა რას აკეთებდა. ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა. დემოკრატიული მეთოდებით ღარიბი სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული,“ – აღნიშნავდა პარტიის თავმჯდომარე. ივანიშვილმა მაშინ ისიც თქვა, რომ გუნდი იშლებოდა და ვერტიკალის შესანარჩუნებლად გარედან კონტროლი საკმარისი აღარ იყო.

 

მაშინ ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საუბრობდა, თუმცა, ექსპერტების ნაწილი ცვლილებებს არც პარლამენტში გამორიცხავდა, რადგან დაპირისპირების ნიშნები ამ მხრივაც სახეზე იყო. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ახლა უფრო მეტი კონტროლი სჭიდება გუნზე და სწორედ ამიტომ საუბრობს მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე დისციპლინაზე.

„მოსამართლეების საკითხი საბაბია, შეიძლება რეალური აზრთა სხვაობა იყოს, თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ივანიშვილი ცდილობს, დაალაგოს ვითარება პარტიაში. როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ ერთგვარად კონტროლი გაექცა ცოტა და ოფიციალურადაც „დაბრუნდა“ პარტიის სათავეში, როცა ფორმალურად გახდა პარტიის თავმჯდომარე. მაშინაც დაპირისპირების ნიშნები იყო და ამის საპაუხოდ გადადგა ეს ნაბიჯი. ახლა სჭირდება პარტიაზე და ხელისუფლებაზე უფრო მკაფიო კონტროლი. დისკუსიებიც მიმდინარეობს სწორედ კონტროლზე და დისციპლინაზე, რომ გუნდის აზრს არ უნდა დაუპირისპირდე,

ეკა ბესელიამ ამ შემთხვევაში გამოიჩინა ერთგვარი „უდისციპლინობა“ და გედევან ფოფხაძემ, რომელიც აქამდეც ცნობილი იყო ამით. ისინი ცდილობენ, რომ ამ ხალხს უჩვენონ, რომ ეს დაუშვებელია და „დასაჯეს“ ეს ხალხი,“ – აღნიშნავს “ფორტუნასთან” გია ნოდია.

ის, რომ თამაშის წესები დაირღვა, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე არღვევს გუნდური თამაშის წესებს, იქ რეაგირება აუცილებელია. კობახიძემ ამ კონტექსტში ჯერ დავით ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვა გაიხსენა, შემდეგ კი ეკა ბესელიას პირდაპირ მიანიშნა და თქვა, რომ „ვინც წინა წელს თამაშის წესები დაარღვია, პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩნენ.“ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჯერად თამაშის წესების დამრღვევნი  2020 წლის საპარლამენტო სიის მიიღმა რჩებიან.

 

„ბესელიამ უკვე იცის, რომ ეს ასეა (ვერ ვხდება სიაში) და მას უნდა, რომ უფრო ხმამაღლა წავიდეს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის კი არ დასაჯეს, არამედ მას აქვს პრინციპული უთანხმოება და სურს უფრო ლამაზად, თავაწეული წავიდეს. მათ მიმართ თანამგრძნობი განცხადებები იყო პარტიის ცალკეული წევრების მიერ, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, რომ ეს ხალხიც ბოლომდე დაუდგება ბესელიას გვერდით,“ – ამბობს გია ნოდია.

არსებულ დაპირისპირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს პოლიტიკის ექპერტი ვახტანგ ძაბირაძეც, თუმცა ამბობს, რომ მოსამართლეთა საკითხი არ შეიძლება მხოლოდ საბაბად განვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, ბესელიაც და ის გუნდიც, რომელიც იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ, იბრძოდა სწორედ რესპრესიული სისტემის წინააღმდეგ, რომლის მნიშვნელოვანი რგოლი იყო სწორედ სასამართლო სისტემა. ასე რომ, იმის თქმა, სასამართლო სისტემა მხოლოდ იმის გამო გაახსენდათ, რომ 2020-ში საპარლამენტო არჩევნებია, ნამდვილად არ იქნება სწორი. შესაბამისად, აქ არის ორი სიბრტყე – ერთი, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მეორე, სასამართლო რეფორმას,“ – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

ამის მიუხედავად, ძაბირაძე ამბობს, რომ ძირითადად დაპირისპირებას აჩენს ის, ვის ექნება გავლენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ოცნებაში”, მოსამართლეთა სია კი, პოლიტიკურად მომგებიანი საკითხია.

„ეს მოსამართლეები მიუღებელია, როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლისთვისაც,“ – ამბობს ძაბირაძე.

გია ნოდიას თქმით კი, სწორედ იმიტომ, რომ სიის გარშემო უკმაყოფილება დიდია, შესაძლოა “ქართული ოცნების” გუნდი ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისზეც წავიდეს.

რაც შეეხება მოსამართლეთა სიას, შეიძლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ, თუმცა, იმიტომ რომ ბესელიას გარდა, უკმაყოფილებას ამ სიის გარშემო სხვებიც გამოთქვამენ, როგორც “ოცნების” მომხრეებში, ისე სხვებშიც. თუმცა, არ მგონია, რომ ამ ადამიანებს ასეთი ღია ურჩობა აპატიონ,“ – ვარაუდობს გია ნოდია.

აპატიებენ თუ არა „ურჩობას“ დეპუტატებს, ჯერ უცნობია. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა შეხვედრა კაჭრეთში გამართეს, სადაც როგორც ამბობენ, გუნდში არსებული დაპირისპირება არ განუხილავთ. თუმცა, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც ეკა ბესელია და არც გედევან ფოფხაძე, რომელსაც მოსამართლეების სიის საკითხზე მკვეთრად უარყოფითი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინეს.

საკითხის კომენტირებისას რამდენჯერმე გაჟღერდა „გარცხვის საკითხი“, რასაც ეკა ბესელიას საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა და მან ამ ტერმინს “კომკავშირული” უწოდა. ფრაქციის თავჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე საუბარი არ არის და განმარტავს, რომ არცერთ დეპუტატს ამის თქმის საშუალება და უფლება დამოუკიდებლად არ უნდა ჰქონდეს. მდინარაძის ინფრომაციით, გუნდის გადაწყვეტილებაზე საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ისაუბრებენ.

magti 5g