LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” დაბალი რეიტინგი არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას სასიხარულოდ აქვს საქმე – ხალხი პოლიტიკური შემოდგომის მოლოდინში

109
პარტიები

ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორც წესი, აქვეყნებს კვლევებს, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ იქნება 100%-იანი სიზუსტის, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას მაინც გვიქმნის საზოგადოებრივ განწყობებსა და მოლოდინებზე. ბოლო წლების კვლევებს თუ დავაკვირდებით, ოპოზიციურ ფლანგზე განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. მათ რეიტინგებში მცირე ზრდა-შემცირება ჩანს, რაც საერთო სურათს არ ცვლის. აი, რაც შეეხება მმართველ გუნდს, მას აშკარად ცუდად აქვს საქმე. IRI-ის ბოლო კვლევას თუ გადავხედავთ, რომელიც 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა, კითხვაზე – მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, ხმას რომელ პარტიას მისცემდნენ, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 26% ასახელებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 70% უარს ეუბნება. ეს მაჩვენებელი კი, ფაქტობრივად, საგანგაშოა. მეორე მხრივ – ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას სასიხარულოდ აქვს საქმე. ამ 70% -ის ხმები ავტომატურად მათთან არ წავა და მიზეზი, ის ნიჰილიზმია, რაც განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნება. დღეს გადაწყვიტეთ, პოლიტოლოგებისთვის გვეკითხა, რა აჩვენა კვლევამ, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებამდე ჩატარდა და არ არის გამორიცხული, მმართველი გუნდისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები ყოფილიყო.

 

 

როგორ გაიგეს IRI-ის კვლევის შედეგები პოლიტიკოსებმა 

 

კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, თითქმის არც ერთ პარტიისთვის მოსაწონი არ იყო, ერთის გამოკლებით – ორი თვის წინ დაფუძნებულ გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” სასურველ პოლიტიკურ გუნდად გამოკითხულთა 9% ასახელებს. ის ამ მაჩვენებლით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ სამეულშია. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს: “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია-აღმაშენებელს”, “ევროპულ საქართველოს”, “ლეიბორისტულ პარტიას”, “გირში- მეტი თავისუფლებას” და სხვა პარტიებს 1-3%-ის ფარგლებშია მათ რეიტინგი. კვლევაში სხვა ბევრი კითხვა იყო დასმული და როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 51%-ს რიგგარეშე არჩევნები სურს, 62% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 75% კი დიდი ალბათობით თვითმმართველობის არჩევნებზე მივა. IRI-ის კვლევაში იყო პიროვნული რეიტინგებიც, სადაც პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე ლიდერობს. შესაბამისად, მას კვლევაზე ცუდი არაფერი უთქვამს და აღნიშნა, რომ ბედნიერია, ხალხის ასეთი მხარდაჭერა რადგან აქვს.

სამაგიეროდ, კვლევა არ მოეწონა პრემიერ ღარიბაშვილს. არადა, პიროვნულ რეიტინგებში არც ისე ცუდად აქვს საქმე და გახარიას შემდეგ, მეოთხე ადგილზეა – მან კვლევის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დაინახა.

ხალხს უნდა ცვლილებები, ადამიანები 41-ს აღარ შემოხაზავენ: ვაშაძე

„ქართული ოცნება“ ვეღარ შეაგროვებს ვერც 43%-ს და ვერც 41%-ს" - ამბობს ვაშაძე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული [ორგანიზაციები] და აქ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს. ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ის და არც NDI-ის მიერ დაკვეთილი კვლევები“, – უთხრა მედიას ღარიბაშვილმა. 

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციისთვის კვლევებში სიახლე არ ყოფილა. მათ თქვეს, რომ კვლევამ მთავარი აჩვენა – უმრავლესობას არ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ იმაზე არაფერს ამბობენ, რომ ვისაც ახლანდელი ხელისუფლება არ უნდა, ეს ავტომატურად მათ გამარჯვებას არ ნიშნავს. ეს მათი რეიტინგებიდანაც ჩანს. მით უმეტეს, კვლევის მიხედვით, ყველაზე არასასურველ პარტიებს შორის 30%-ით “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს”, მას 24%-ით “ქართული ოცნება” მოსდევს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ოქტომბერში დიდი ცვლილებები იქნება, თუმცა რეალურად რამდენად დაარწმუნებენ, ამას სწორედ თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს.

ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა: ბოკერია

"კვლევებს სრულიად ვენდობი. არის მესამედი, რომელიც არ იძახის პასუხს, არის ცდომილება, ოღონდ გაძლევს საერთო სურათს" - ამბობს ბოკერია.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – ოპოზიციას არ სურს საუბარია გიორგი გახარიას პარტიის 9%-ზე. არადა, ორი თვის წინ დაფუძნებული პარტიისთვის ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თავად გახარია თვლის, რომ ყველაზე კარგი კვლევა მისთვის ხალხთან შეხვედრაა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა არის ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრები. ერთი თვეა თითქმის სოფელ-სოფელ დავდივართ, ჩემთვის ამას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევას, იმიტომ რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხალხთან ურთიერთობა და იმ განცდების და ემოციების აღება, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ ციფრებს. ხალხში არსებული პრობლემები, ასე ვთქვათ საკმაოდ სწრაფად მოგვარებადი, ოღონდ იმ შემთვევაში თუ ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი პრინციპი, იქნება ღირსება, კეთილსინდისირება და პროფესიონალიზმი”, – ამბობს გახარია.

 

                                                                     

პოლიტოლოგების “პოზიტიური” გზავნილები  

 

IRI-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, არაერთმა ექსპერტმა, პოლიტიკის სპეციალისტმა შეაფასა როგორც შედეგები, ისე პოლიტიკოსების დამოკიდებულება ამ კვლევების მიმართ. ჩვენ ექსპერტ გიორგი რუხაძეს ვესაუბრეთ, რომელიც თვლის, რომ “ქართული ოცნების” დღეები დათვლილია.

“ამ კვლევამ მთავარი აჩვენა – მოსახლეობას ესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა. მეორეს მხრივ საფრთხე ისაა, რომ არჩევნებისადმი უნდობლობის მაჩვენებლი მაღალია. თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა, რომ დაანახოს ხალხს –  მას აქვს ბერკეტი, რომ ამომრჩევლის ხმას დაიცავს, ძნელი იქნება ნდობის მოპოვება. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობას საარჩევნო სისტემის არ ესმის, ამიტომ ოპოზიციამ სხვა რაღაც უნდა მოიფიქროს, რომ მათი რწმენა გააძლიეროს და დაარწმუნოს, რომ ხმები იქნება დაცული – ეს იქნება პარტნიორების დახმარებით თუ უბნებზე ხალხის მობილიზებით.

ფაქტია, ვერანაირ კონფიგურაციაში ქართული ოცნება 43%-ს ვერ აგროვებს. გახარია რომ გაქრეს კიდეც პოლიტიკური ველიდან და ის ხმები ისევ ოცნებას დაუბრუნდეს, მაინც ვერ მოაგროვებენ 43%-ს. ეს იყო მიზეზი შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოცნებას არ მოსთხოვენ ამ ვალდებულების შესრულებას პარტნიორები იქნება თუ ქვეყნის შიგნით ხალხი/ოპოზიცია. 70%-ზე მეტს უნდა კოალიცია, 50%-ზე მეტს უნდა რიგგარეშე არჩენები – ეს მიანიშნეს, რომ “ქართული ოცნების” დღეები ფაქტობრივად, დათვლილია.

ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას: საქართველოს პრეზიდენტი

რა უნდა ქნან მცირე პარტიებმა, რომ მათ ასეთ ვითარებაში ფუნქცია რ დაკარგონ. მათი გაერთიანება ეს ერთი ვარიანტია, მაგრამ ეს არაფერს მისცემს. მათ უნდა მოახერხონ ახალი აქტორების შემოყვანა პოლიტიკურ ველზე. ისინი ყველაზე ნაკლრბად ტოქსიკური პარტიები არიან. ადამიანები ელოდებიან ახალ აქტორებს”, – ამბობს გიორგი რუხაძე.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი ამბობს, რომ როგორც კვლევებიდან ჩანს, ოცნების რეიტინგი მუდმივად უარესდება.

“რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, გასაგებია, რომ ოცნება პირველ ადგილზე რჩება, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ საკმაოდ შორს არის იმ 43 ან 40%-დან. ოცნებამ ფაქტობრივად დახია მიშელის დოკუმენტი, თუმცა ოპოზიცია მაინც ამ ლოზუნგით მიდის, რომ 43% ძალაშია, რადგან დადო ეს ხელშეკრულება და მედიატორებიც არიან ჩართულები. რაც არ უნდა თქვას დღეს კობახიძემ , პაპუაშვილმა თუ სხვამ, ეს მორალური მოვალეობა, რომ 43%-ზე ნაკლები ქართული ოცნებისთვის იქნება დამარცხება, ეს აზრი ადამიანთა ცნობიერებაში უკვე გაჯდა. არ ჩანს პერსპექტივა, რომ ოცნება მდგომარეობას გააუმჯობესებს. კიდევ ერთი დეტალი – ხალხი რომ გამოიკითხა, იმის შემდეგ, რამდენიმე მსხვილი სკანდალი მოხდა. ძალიან ძნელია, რომ ამან ნეგატიურად არ იმოქმედოს. 

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ვადამდელი არჩევნების მიღწევას დასჭირდება ბრძოლა, მაგრამ ნებისმიერ შემთხევევაში, არ მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ნორმალურად მართვის გაგრძელება შეძლოს. 2019 წლის ზაფხულიდან ვართ პერმანენტულ კრიზისში, ხან ერთი მთავრდება და მეორე იწყება, მუდმივი არანორმალურობის განცდა არსებობს, სიტუაცია არაწინასწარმეტყველებადი იქნება და აი, ამ ახალ ვითარებაში, როცა იქნება მოლოდინი, რომ მივდივართ ხელისუფლების შეცვლისკენ, ამ პატარა პარტიებმა უნდა აჩვენონ თავიანთი იდენტობა, უფრო გამოკვეთონ იმ დროს, როცა მესამე ძალის ადგილი პრაქტიკულად დაკავებულია. ეს აჩვენა გახარიამ”, – ამბობს ნოდია.

ამ კვლევების პარალელურად კი, ოპოზიციონერი ლიდერები ისევ აგრძელებენ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრებს. ისინი კარლ ჰარცელის მოადგილეს ცალ-ცალკე შეხვდნენ და როგორც თქვეს, მთავარი გზავნილი იყო, როგორ დაუბრუნონ “ქართული ოცნება” მიშელის დოკუმენტს. როგორც გაირკვა, შეხვედრებზე პარტიების ნაწილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პერსონალური სანქციების მნიშვნელობას შექმნილ სიტუაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები