ყვარლის ჰოსპიტალში გულის შეტევით შეყვანილი პაციენტი – 56 წლის ბესიკ იაშვილი დაიღუპა, რასაც მისი ოჯახი კლინიკას აბრალებს. ისინი “რუსთავი 2” – თან საუბარში ამბობენ, რომ ჰოსპიტალს არ აქვს არც რეანიმაცია და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო აპარატურა.
მათივე ცნობით, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა რეანომობილი გამოიძახეს და ბესიკ იაშვილის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა კატასტროფის ბრიგადა ადგილზე 6 საათის შემდეგ ჩავიდა. ამის შემდეგ კი, ოჯახის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.
“ძმა მომიკვდა იმიტომ, რომ საავადმყოფოს პატრონი არ ჰყავს” – აცხადებს გარდაცვლილის და “კურიერთან” საუბარში.
ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ყვარლის ჰოსპიტალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აქამდე არ იცოდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს ნებართვები ყველა სახის მომსახურებაზე აქვს.
ყვარლის მთავარი საავადმყოფო 2012 წლის თებერვალში გაიხსნა.